ჩემი მონოლოგი

                                         2012-2013

 

 

„გული ლანგარზე ფეთქავს...“

 

 „ყვითელი ჩიტი“

 

(რატომ ვიყავი აქამდე ჩუმად? თურმე ქაღალდი არ მქონია...)

 

ახლა თქვენც ალბათ მარტო ხართ...

მაშინ ჩემი ცხოვრების ისტორიები თქვენთვის არის დაწერილი - გაერთობით... ჩემი განვლილი ცხოვრების ამბებით!

ზოგი რამ, ალბათ, თქვენც გადაგხდათ და გულში ინახავთ...

მე მსურს გაგიზიაროთ ჩემი ცხოვრების გამოცდილება, თუმცა, გულახდილად გეტყვით, თუ თქვენ ჩემი ცხოვრების გზა გეუცხოებათ, ან ეს ამბები თქვენს თავზე არ გამოგიცდიათ, მეორე ფურცლიდანვე ჩემს წიგნს დახურავთ და ბუხარში შეაგდებთ... არ დაგაინტერესებთ?! არადა, მართლაც საინტერესოა აღიარებული ვარსკვლავის ცხოვრებაში ჩახედვა და ჩემი ცხოვრების კატაკლიზმების გაცნობა...

მე გაძლევთ ამის უფლებას ჩემი გულღია მონოლოგით. მე მინდა შენ ჩაეშვა ჩემი ცხოვრების ურთულეს დროში...

მე ხომ წამსვლელი ვარ, შენ კი - მომსვლელი.

ჩემს მეტი თქვენ ვერავინ მოგიყვებათ სრულ სიმართლეს, რადგან მხოლოდ მე შევძელი ჩაგახედოთ ჩემს განვლილ ცხოვრებაში.

გავიმეორებ ელენე ჩოხელის აღიარებას: „ჩემი ცხოვრება ვარდ-ყვავილებით არ იყო მოფენილი, არა და არა.“

ჩემი სამშობლო ბრძოლის ქვეყანაა, რადგან თავისუფლება სხვანაირად არ მოიპოვება. მე კი სამშობლოს შვილი ვარ... ყველაფერი მე და ჩემს ოჯახს მტკივნეულად შეგვეხო. ჩემს ცხოვრებას მე დღეს ვუყურებ, როგორც ბავშვობაში მოსმენილ ზღაპარს...

მედგრად გავუძელი ყველა მოულოდნელ დარტყმას. ზოგი სასიკდილოდაც მიმეტებდა, ზოგი დარტყმა - ბუნებამ ან ადამიანის დაუდევრობამ მომაყენა. 

აღარ გავაგრძელებ. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, იცით რა მძიმეა ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი... ვიწყებ დოკუმენტურ, გულწრფელ თხრობას!

 

 ***

სცენიდან ჩამოვედი და ჩავეშვი ცხოვრების უფსკრულში. თითქოს იქ არ მოვხვდი, სადაც სიმღერა დავიწყე. ჩემი მოძღვარი - დედა - უკვე მოხუცი და მძიმე ავადმყოფი დამხვდა. 

არეულობამ მოიცვა სამყარო. ჩემთვის შეწყდა მუსიკა.

სიბნელეში მომიწია ცხოვრების გრძელი გზის გაცნობა (ხელიც კი ვერ ჩამოვართვი), რადგან ჩემთვის უჩინმაჩინი იყო... სიბნელეში ყოფნისას მე ცხოვრებამ უამრავი ჩემთვის გამოუცნობი შეკითხვა დამისვა... თავიდან ვიწყებდი ფეხის გადადგმას...

ჩემი ქვეყანა სიბნელეში ჩაეშვა.

მსურს შემოგთავაზოთ ჩემი საყვარელი ლექსის ფრაგმენტი:

 

„სიბნელევ!

საქართველოს ცაზე დაძრულო,

მაკმარე, ნუ მისევ ავსულებს...

ნუ ცდილობ, სამყარო შემაძულო -

ვერ შემაძულებ!“

 

(გრიგოლ აბაშიძე)

 

 ***

დედა ძალიან ავად იყო - ხელიდან მეცლებოდა... მასთან მხოლოდ მე ვიყავი. აქ, მძიმე პირობების და უმუშევრობის გამო, ჩემი ერთადერთი შვილი თავისი ოჯახით სხვის ქვეყანაში გაიხიზნა... ჩემს შვილს, წლების მანძილზე, ცოდნა და უმაღლესი განათლება არ გამოადგა, არა შველოდა... მიმზიდველი, ქალური შეხედულების გამო სიძნელეებს აწყდებოდა. ჰპირდებოდნენ სამსახურს, თუ მათ ღამღამობით ლოგინს გაუთბობდა... ოჯახის გადასარჩენად აქედან გაიქცნენ!

ეს სრული სიმართლეა...

ძალიან მძიმე ცხოვრება დაიწყო. 

თითქმის ყველგან არეულობამ მოიცვა სამყარო. ჩემი შვილი თავისი ოჯახით ამერიკიდან მოსკოვში ჩავიდა. საცხოვრებელ სივრცეს ეძებდნენ, პატარა გიორგი უკვე ჰყავდათ. უცხოეთში ვერ აიწყვეს ცხოვრება - იქ ბევრი საზრუნავი ჰქონდათ. ძალიან გაუჭირდათ... რუსეთიდან ისევ აიყარნენ და ჩემმა სიძმ ოჯახი საბერძნეთში, სალონიკში გაამგზავრა მეგობრების დახმარებით! ბოლოს კი ისევ მოსკოვში დასახლდნენ.

დედა ელიკო ჩვენი ოჯახის სიძნელეებსა და კატაკლიზმებში ჩახედული არ იყო. ჩვენ მას სიმართლეს ვუმალავდით. ჩემი შვილის ცხოვრებას ელიკოს ცისარტყელას ფერებში ვუხატავდი, ვამხნევებდი. მას ძალიან ენატრებოდა თავისი გაზრდილი შვილიშვილი დინარა. ჩემი გულის დარდებს მას არ ვუმხელდი და გულში ვიხვევდი ცხოვრების საჩუქრებს. დედას ხშრად ენატრებოდა შვილთაშვილი გიორგი. როცა ელიკო აბანავებდა პაწკას, არავის არ აკარებდა, ჩემი ჩათვლით... მე ვარ პაწკას ბებია, შენ კი არაო...

„შენ გენაცვალე, გასტრალიორი ხარ და სად გითენდება და სად გიღამდება, არ ვიციო.“

ხომ გესმის, ეს სიმართლეა! მე თავს ვუქნევდი. დედა ნელ-ნელა მტოვებდა. ჩემგან მიდიოდა სხვა სამყაროში. მე ვრჩებოდი მარტო, როგორც ყოველთვის... წლების მანძილზე ვმოგზაურობდი, ვმართავდი სოლო-კონცერტებს ჩემს Chang Band-თან ერთად. გაუთავებელი სასტუმროები, უხარისხო რესტორნებისა და კაფეების კვება, შეხვედრა სრულიად უცხო ადამიანებთან, ლოთი მუსიკოსები - მათი დაშოშმინება... ოჯახი, შვილი ძალიან მენატრებოდა. ჩემს შვილთან,ოჯახთან მხოლოდ სიზმარში ვიყავი. ძილში ვიქანცებოდი ემოციებით და გაღვიძებულს ენერგია მღალატობდა. და ისევ დაქანცული ვიძინებდი და დაქანცული ვიღვიძებდი. საღამოს კონცერტი - დარბაზი გადაიტენა ჩემი მსმენელით...

ჩემს თავს მათრახს შემოვკრავდი ხოლმე - „აბა, ახლა მორჩი! გასწორდი წელში! დღეს ლამაზი, შემართული, ყველაზე ძლიერი და მშვენიერი გადი სცენაზე!“ და ასე გავდიოდი სცენაზე გაღიმებული, ენერგიული, შემართული... პირველივე მუსიკის ბგერა მიბრუნებდა ძალას და მივქროდი მუსიკის ვარსკვლავეთში. წაიშლებოდა უმალ ყველაფერი, სიმღერის გარდა.

ტაში გრიალებს! აი ეს არის ჩემი სიცოცხლე!

 

                                                             „ბედის ქარები“

 

ფიქრებს გავყევი... ვიხეტიალე -

- ბედის ქარებში...

უსაზღვრო სივრცემ ჩამითრია

- კვლავ, ვარსკვავეთში...

ცა გაიხსნა, და საოცარმა

გრძნობამ დამიპყრო...

ზეცის მფარველმა - ცის კამარის

კარი გამიღო...

 

                                                          (გიული ჩოხელი)

 

სახლში ვარ. დედას ჩაეძინა, დღეს ტკივილები აწუხებს. ალბათ საავადმყოფოში წავიყვან. მას არ უყვარს საავადმყოფოში წასვლა... 

 

ტელეფონის ზარი გაისმა...

„დეიდა გიული! დღეს საღამოს მთელი ხალხი იკრიბება პარლამენტთან. დიდი მშვიდობიანი მიტინგი იქნება. მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ წასვლას და თქვენი „ზაპოთი“ (მანქანა) ერთად წავიდეთ, თქვენც გახდებით მონაწილეო.“

საერთოდ, მე ყოველთვის ვერიდები ხალხმრავალ შეკრებებს. უამრავი ხალხი მეხვია წლების მანძლზე. კი, კარგია როცა პოპულარული ხარ და უყვარხარ „მაგრამ პოპულარობა ძალიან მოსაბეზრებელია.“

ჰო... დავუბრუნდები მეგობრის შვილის სატელეფონო ზარს. სიმართლე გითხრათ, უარი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვუთხარი. 

ჩემი „ზაპოროჟეცი“ ყვითელი ფერის (რიჟა) - თვალშისაცემი ფერისა იყო.

დიდი წვალებით მანქანა ტაძართან ტროტუარზე შევაყენე, მანქანების შუაგულში. ვიფიქრე, თუ შემდეგ ვერ გამოვიყვან, მაშინ სახლში ფეხით დავბრუნდები.

მიტინგი დაიწყო... ბავშვები შემომეცალნენ. მათ ვეღარ ვხედავდი.

ისმოდა პატრიოტული შეძახილები, ტაში, საქართველო! საქართველო! ისმის სვედიანი სიმღერა - უფრო სევდიანი ხმით ნამღერი (უსინათლოები მღერიან). იგრძნობოდა ერთიანობის სულის ზეიმი. კოცონი დაანთეს - ცეკვავენ... ახალგაზრდების სულის ზეიმია.

მანქანის დაყენებას დიდი დრო დასჭირდა. სულ ბოლოში მოვექეცი. ხალხის შეძახილებს მეც ავყევი და მთლიანად ჩართული ვარ მხიარულებაში. 

ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო.

„ქალბატონო, გაიყვანეთ მანქანა!“ მე გაკვირვებულმა ხელი მანქანისკენ გავიშვირე. მანქანები გასულან, მხოლოდ რამდენიმე მანქანა აპირებდა გასვლას და ბოლოს ყველა გავიდა, შემორჩა ჩემი „რიჟა ზაპო.“ თურმე მილიციონერმა ყველა მძღოლს უბრძანა მანქანების გაყვანა. არ ვიცოდი, რა მექნა... უკვე თითქმის ღამის 12-ს გადაცდა. ბავშვები არსად არა ჩანდნენ. გამოვიყვანე ჩემი „ყვითელა-ზაპო“ და სახლში მარტო დავბრუნდი.

 

 ***

ღრმა ძილში ვარ, კარში შემზარავი ზარის ხმა დაუღალავად წივის!.. თითქმის მძინარემ კარისაკენ მივაშურე. თან ვიფიქრე, ალბათ, ისევ ქვედა მეზობელია - ისევ წყალი ჩავუშვი და მოვემზადე თავის გამართლებისათვის!

კარის გაღებას არა ვჩქარობდი. შევიხედე სააბაზანოში, სამზარეულოში და დავწყნარდი, პირჯვარი გადავიწერე... გადავრჩი... კარისკენ მივაშურე - გავაღე. 

 

საუკუნეც რომ გავიდეს, ვერასდროს დავივიწყებ იმ ბავშვის სახეს!

ოთახში კივილით შემოვარდა გოგონა. ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები ლამაზ სახეზე... გრძელი შავი თმა მთლიანად აწეწილი ჰქონდა. მუხლებზე დაეშვა და თავს იატაკს ურტყამდა. ვეცადე ფეხზე წამომეყენებინა, მაგრამ უშედეგოდ... კივილით მოსთქვამდა: „დახოცეს, დახოცეს!“ (ღრიალით მოსთქვამდა...) გოგონას თვალები ბუდიდან ამოვარდნილი ჰქონდა, ისე ყვიროდა. მე სახეში ცივი წყალი შევასხი და ვეცადე ლოგინისკენ მიმეთრია... გამომივიდა კიდეც. 

ლოგინზე დავაწვინე, მოვეფერე - სველი ტილო დავადე შუბლზე და ცოტა ჩაწყნარდა. ნელ-ნელა გონზე მოვიდა. თბილი საბანი დავახურე - ხელ-ფეხი ყინულივით ჰქონდა გაციებული. ძალიან შემეშინდა.

 

„რა მოხდა, შვილო?“ (სალაპარაკო ხმაც კი დავკარგე ნერვიულობისგან). უცებ გაჩუმდა - თვალები დახუჭა... თავი წამოვუწიე და კაპლები დავალევინე. ჩამეხუტა.

ჩაიჩურჩულა: „დახოცეს, დახოცეს, დახოცეს, დახოცეს...“ (გაუჩერებლივ იმეორებდა). „ტანკები, ნიჩბები, სროლა, კივილი, წივილი. ურტყამდნენ, ხოცავდნენ. მე ძლივს დავუსხლტდი ტანკს - რამდენჯერმე დავეცი...“ 

ფეხის მუხლები გადატყავებული ჰქონდა. დავუმუშავე იოდით და მალამოთი. 

გათენებულა. ესე ჩახუტებულებს ჩაგვძინებია.

მე წამოვხტი... სამზარეულოდან ყავის ფინჯანი მოვუტანე. ჯერ კიდევ გათიშული იყო. 

„შვილო, რა მოხდა?“

ბავშვმა დაიწყო ჩურჩულით საუბარი.

„შენ გეძებდით. ჩემს გოგოებს შველა სჭირდებოდათ! მე ვერ შევძელი, ვერ გამოვათრიე სასაკლაოდან! მარტო მე რას გავხდებოდი?! ჩემს ამხანაგს სახეში ნიჩაბი ჩასცხეს. საშინელება იყო... რა ვქნა?! რა ვქნა?! რა ვქნა?!“

ისტერიულად იმეორებდა და ტიროდა. მე წამლები დავალევინე, ცოტა დაწყნარდა. დილას ტელევიზორმა გვიჩვენა, ნაწილობრივ, უბედურების კადრები.

როგორ ვიდარდე, რომ იძულებით წამოვედი იქიდან. მხოლოდ ის მაწყნარებდა, რომ დედაჩემი ამ ცხელ ამბავს ვერ გაიგებდა, რადგან ლეჩკომბინატის საავადმყოფოში იწვა და ექიმები მძიმე ავადმყოფს არ ეტყოდნენ ამ უბედურების შესახებ.

 

ძალიან მძიმე გასახსენებელია. ის შემზარავი ტრაგედია ჩემს მეხსიერებას ყოველთვის ახსოვს... პატიება შეუძლებელია...

თავისუფლება ღმერთის მონაპოვარია. ის ცოცხალია... ის უამრავ საუკუნეს გადალახავს და უვნებელი დარჩება - თავისუფლება.

 

„გლოვის სიმღერა“

 

უკვე იმღერეს გლოვის

სიმღერა -

ტაძრის ზარებმა...

დედამიწა ბნელში მიცურავს

არ ეჩქარება.

დედამიწაზე, გლოვის ზარები

ისევ ბღავიან,

დაღუპულები ტაძრის -

გუმბათთან -

კვლავ გვეძახიან!!!

 

                                                             (გიული ჩოხელი)

 

ჩემი შვილი ერთადერთია - ჩემი დინარა

 

მინდა გაგანდოთ ჩემი გულის წუხილი. ჩემი პროფესია ითხოვდა მოგზაურობას. მე მმღერალი ვარ- მოქმედი შემოქმედი. სულ მუდამ მიხდებოდა გასტროლებზე წასვლა სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქებში...

ჩემი შვილი უკვე 3 წლისა იყო და მე ვეღარ შევძელი მისი ყოველდღიური აღზრდის უზრუნველყოფა. 

ჩემს საყვარელ დედას, ელოკოს, ჩამოვუყვანე მოსკოვიდან შვილიშვილი და ჩავაბარე. მე და ჩემი მეუღლე გაუთავებლად ვმართავდით სოლო კონცერტებს და ვუვლიდით დუნიას.

 

 ***

ახლა აბა კიდევ რა გითხრათ?!

ძალიან ბევრი რამ უფსკრულში ჩაიძირა... როცა დიდი და ქარიშხალივით სწრაფი, დატვირთული, მძიმე ცხოვრება განვლე, მაინც არაფერს არა ვნანობ. ჩემი ცხოვრება საინტერესო, უჩვეულო, მხატვრული კინო იყო და გრძელდება დღესაც... ყოველშემთხვევაში, მე ასე ვუყურებ ჩემს განვლილ ცხოვრებას...

მე მამაკაცის მიმართ სიყვარული ორჯერ განვიცადე და მხოლოდ ერთი, დღემდე ბუდობს ჩემს გულში - ჩემი ბორისის - სიყვარული. ის ხომ ჩემი შვილის მამაა. აი, სექსი კი უფრო მეტი მქონდა. მათი სახეებიც კი არ მახსოვს...

ალბათ, შემოქმედისთვის ესეც საჭირო იყო., როგორც აღმაფრენის დოპინგი, რომელიც ხელოვანს ძალიან სჭირდება - მე მიყვარს სექსი. ასევე სევდა... იმედგაცრუება... დარდს შემოგისევს - და ჩემი სიმღერა იძენს უფსკრულში მიმავალ დრამატიზმს. 

აი, სწორედ მაშინ დაიბადა ტრაგიკული სიმრერა „ელექტრა“ რომელიც მე შევასრულე მოსკოვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დიდი გუნდი - კაპელა ამშვენებდა ჩემს სიმღერას. ამ სიმღერამ წარმატებით მოიარა ბევრი ქვეყანა.

 

 ***

ახლა, ამ წლოვანებაში, როცა სცენას დავშორდი, ამ ყველაფერს წინ ბევრი პრობლემა უძღოდა. ამის შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ...

დღეს დიდი სევდა მიპყრობს... ჩემი ერთადერთი შვილი, დინარა, უჩემოდ გაიზარდა, დაქალდა, გათხოვდა და გიორგი შეეძინა.

დღეს ჩემგან ისევ ძალიან შორს ცხოვრობს. ქედს ვიხრი ჩემი უსაყვარლესი დედის წინაშე! ქალბატონი ელიკო რომ არა, მე მომღერალი ვერ ვიქნებოდი.... ელიკოც ხომ არტისტი იყო, მაგრამ შვილის უსაზღვრო სიყვარულმა და შვილის ოცნების გამარჯვებამ იტვირთა ეს უმძიმესი ტვირთი. 

 

ჩემი შვილი, ისევე როგორც მე, მუსკომედიის თეატრში გაიზარდა. ეს, ალბათ, უფლის ნება იყო - ჩემი დინარაც უნიჭიერეს მუსიკოსად ჩამოყალიბდა. დაამთავრა კონსერვატორია, როგორც პიანისტმა. ძალიან კარგად მღერის, ყველასგან გამორჩეული მანერით, სტილით. ხომ შეიძლებოდა, დინარას, ჩემი სიმღერის მანერით ესარგებლა, როგორც ეს ხშირად ხდება? შვილი, ვაშლივით შუაზე გაჭრილივითა ჰგავს თავის მშობელს. ხშირად, ვერც კი გაარჩევ რომელია...

 

თბილისში გაიოზ კანდელაკმა,რომელიც  მაშინ საქართველოს ფილარმონიის განმკარგულებელი, მხატვრული ხელმძღვანელი იყო, ფილარმონიის დიდ დარბაზში მოაწყო ჯაზ-ფესტივალი. მე და ჩემმა შვილმა ერთად შევასრულეთ ჯაზ-კომპოზიცია და გამოვიყენეთ იმპროვიზაცია.

შემდეგ მე ჩამოვჯექი ორგანთან, სცენაზე დავრჩი და დინარამ იმღერა, მარტომ. 

„Feelings“ - გაისმა მისი ნაზი, მკვეთრი, ლამაზი ტემბრის ხმა. დარბაზი გატრუნული, ოდნავ წინ წამოწეული უსმენდა. მე ვფიქრობ, მაყურებელს ძლიერ აინტერესებდა რას და როგორ იმღერებდა ჩემი შვილი... უმაღლეს დონეზე განახორციელა ავტორის ჩანაფიქრი და, რაც მთავარია, შემოგვთავაზა სრულიად განსხვავებული ვერსია...

ფეხზე დამდგარი დარბაზი კიოდა, მხურვალე ტაში არ წყდებოდა. ზოგი პიჯაკს აფრიალებდა. მე და ჩემი შვილი ვიდექით სცენაზე და ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლები, სიხარულის ცრემლები. დინარა პირველად მღეროდა პროფესიულ სცენაზე. 

წარმოიდგინეთ, რა ტრიალებდა მის გულში... აი ჩემზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მე მხოლოდ ვტიროდი, კიდევ იმიტომ რომ ამ ტრიუმფს დინარას გამზრდელი, დედაჩემი ელიკო არ ესწრებოდა.

 

 ***

პ.ს. ჩემი თაობა უფრო გაგებით უდგება ყველა საკითხს თუ მოვლენას...პრობლემებს. დღევანდელ ახალგაზრდობას კომპიუტერმა წაართვა ნიჭის თვითგამომჟღავნება. ახალგაზრდები სხვისი ნიჭის აღმოჩენით საზრდოობენ და იმის სურვილს კარგავენ, რომ თვითონ შექმნან უჩვეულო, გამორჩეული სასწაული. 

ისინი მხოლოდ ერთობიან...

მალე კომპიუტერი ჩვენს ახალგაზრდობას თვალებზე ყველას სათვალეებს ჩააცმევს, რადგან 24 საათი ისინი არ ეშვებიან კომპიუტერს.

 ცხოვრების უსამართლო კატაკლიზმებმა, კინაღამ, დადუმების ფსკერზე ჩამძირა...

მე დავბრუნდი! ჩემში აღმოვაჩინე მხატვრის ნიჭი. ამ ნიჭის გამოსავლენად, ალბათ, დრო არა მქონდა. სცენაზე თითქმის 50 წელი ვიდექი.

აი ახლა, როცა ჩემს ნახვას არავინ ელოდა, უფალმა ისევ მაჩუქა ხელოვანის სასწაული, წამომაყენა დავიწყების უფსკრულიდან. თვალი გამოღო, კარი გამიღო, მძიმე ბოქლომი ჩამომხსნა - თავისუფლება დაუბრუნა ჩემს დადუმებულ ნიჭს.

დიდება უფალს!

ძალიან დიდი სითამამე დამჭირდა, რომ ჩემში დადუმებული ვულკანი გამეღვიძებინა. და ეს შევძელი.

 პ.ს. აქვე მსურს დავამატო - მე მზად ვარ, კიდევ შემართებით ველი უფლის საჩუქრებს - დიდება უფალს!

 

 ***

რატომ არის, რომ ყველასგან გამორჩეულ ნიჭიერ ხელოვანს ვერავინ უგებს. ის ერთეული საზოგადოებისათვის მიუღებელია და მისთვის ეს ხელოვანი „ყვითელი ჩიტია“ ან ნიანგი - ეს მაშინ, თუ ეს პიროვნება შურითაა სავსე და ვერ იტანს გამორჩეული რომ ხარ!

 

ასეთ ხალხს ხშირად არ უყვარს მოსაწყენი გარემო. ტაშ-ფანდური ყოველთვის მათი თანამგზავრია... ტელე-თამაშები... აზარტის გაღვივება... ფულის პატივისცემას ირჩევენ... ნიჭიერი - ნამდვილი შემოქმედის ჩრდილში ყოფნა ხშირი მოვლენაა, რადგან დღევანდელი დონე იყოს დამტკიცებული, შედარება არ მოხდეს... საშუალო, ან დაბალი დონის პიროვნების ამოჩემება ხდება. ძალიან ხშირია ერთი და იგივეობა. ათი წუთია სცენაზე ფეხი შემოდგა და პლაგიატი სიმღერის შესრულებით - საქართველოს ვარსკვლავი ხდება!

რატომ უკლავენ უსაზღვრო შრომის წყურვილს?! ერთი სიმღერა რას უშველის? 10-20-50 წლის შემდეგ, საქართველო სიყვარულით თუ გაიხსენებს მათ და იმ სიმღერას, რომლითაც ის „ვარსკვლავი“ გახდა; თუ თანამემამულე ადგილს მიუჩენს მას სხვებში და აღიარებს - აი მაშინა ხარ საქართველოს ვარსკვლავი, თუმცა სიტყვა „ვარსკვლავი“ გაცვდა. თურმე ცაში ვარსკვლავებმა სახელი გადაირქვეს!

 

„იმღერე, შვილო, თუ გემღერება“

უფალი ირჩევს

 

სიმღერის  მფარველი-დროა!

კომპოზიტორი - ფარია....

სიმღერამ ამ დროს თუ გაუძლო,

ეს გამარჯვება - ხალხს  უხარია!

 

მომღერალს დაეკისრება

თავისუფლად იმღეროს,

არ უნდა ჰგავდეს პლაგიატს-

აღიარება - იგემოს!!!

 

გულით იმღერეთ - სიმღერა,

არ შეუშინდეთ  ავ-თვალებს!!!

დაიმახსოვრეთ  - სასწაულია -

უფალი ირჩევს რჩეულ -

-ვარსკვლავებ!

 

გულს მოუსმინე, გონებას,

შენი სიმღერა დროში ფასდება...

შენმა სიმღერამ დროს თუ

-გაუძლო,-

ხალხის  გულებში დიდხანს

დარჩები

 

ვარსკვლავმა დროს

უნდა გაუძღოს...

ჯერ მხოლოდ - ნაპერწკალია,

დღევანდელ ჰანგ-მენს,

ვარსკვლავს თუ უწოდებ-

თუ დაიჯერა  - შენი ბრალია....

 

გულის ბიძგები ისევ მკარნახობს-

დიდი  ვარსკვლავი გულში კაშკაშებს!!!

ისევ, დავრწმუნდი... სასწაულია...

უფალი ირჩევს ნამდვილ ვარსკვლავებს!

 

P.S. „იმღერე, შვილო, თუ გემღერება!!!

დაიმსახურე- ჩემი შექება".

 

 

დღეს 1999 წლის 5 მარტია. ამ დღს 1914 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული ვარსკვლავი, საქართველოს სახალხო არტისტი ქ-ნი ელენე (ელიკო) ალექსის ასული ჩოხელი.

ქ-ნი ელენე 50 წელი ემსახურებოდა ქართულ კულტურას, თავის ხალხს. მის მიერ ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსკომედიის თეატრში უამრავი სახასიათო თუ კომიკური, სასაცილო როლები აქვს შესრულებული. „სიცილის ოსტატი“ ქ-ნი ელენე (ელიკო) ჩოხელი დღემდე დაუვიწყარია და „სიცილის ოსტატის“ გვირგვინს დღემდე ატარებს.

„ქ-ნი გიული ჩოხელი ელენე ჩოხელის შვილია. მან სცენიური გვარი - დედის გვარი აირჩია...

 

სტატია

 

ბავშვობა გიულიმ დედის თეატრში გაატარა. თბილისის ძველი უბნის ეზოში, ძველი სახლის აივანზე და უშველებელ თუთის ხეზე, ბევრი სპექტაკლი დაუდგამს და ხეზე სოლო სიმღერებითაც გაურთია უბანი. 

ეს ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა დედა დაკავებული იყო თეატრში რეპეტიციებზე ან თამაშობდა დღის სპექტაკლებს.

გავიდა წლები და აი გიულის ცხოვრებაში დადგა საბედისწერო დღე - 1967 წელი. 

ევროპამ გიული ჩოხელი სოპოტის (პოლონეთში) საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე იხილა. 

„გადაარჩინეთ სიყვარული SOS! მიშველეთ, სიყვარული იღუპება!“

მღერის ტრაგიკული ინტონაციით, ტრაგიზმით გაჟღენთილი - ქართველი მომღერალი... დილის ექვს საათზე - საქართველომ შეიტყო, უმაღლესი ჯილდო „გრან პრი“, 55 ქვეყნის მომღერალთა შორის პირველსა და საუკეთესო ქართველ მომღერალს გადაეცა - გიული ჩოხელს...

მას მთელი ევროპა ტაშს უკრავდა. გიულიმ ევროვიზია დაიპყრო. ის აღიარეს და საუკეთესო მომღერლების ევროპის ხუთეულში შეიტანეს მისი სახელი.“

აჭრელდა პრესა მისი პორტრეტებით ჩვენში და საზღვარგარეთ.

ათეული წლები გიული ჩოხელი, არა ერთი პრიზის ლაურეატი ხდება ჩვენში და საზღვარგარეთ. მრავალი მიწვევა მიიღო სხვადასხვა იმპრესარიოსგან, ტელევიზიების პროგრამები მთლიანად აშუქებდნენ მის მოღვაწეობას.

იყო დრო, როდესაც თბილისში მსმენელი ამბობდა: „ეს გოგო ელიკო ჩოხელის შვილია.“

ხოლო უამრავი გამარჯვების შემდეგ მსმენელი-ფანი ამბობდა: „ელენე ჩოხელი - გიული ჩოხელის დედაა.“

1967-მა წელმა ძალიან ბევრი პრიზი მოუტანა - სიმღერის ფესტივალებზე თუ ჯაზ-ფესტივალებზე, ჩვენში, თუ საზღვარგარეთ.

დაიწყო ეპოპეა სოლო კონცერტებისა! გიულიმ ბევრი ქვეყანა შემოიარა სოლო კონცერტებით. შექმნილია ტელე-მუსიკალური ფილმები, ჩაწერილია ფირფიტებზე უამრავი სიმღერები.

გიული ჩოხელი საესტრადო და ჯაზური მუსიკის პიონერია. მან თავდაყირა დააყენა ქართული საესტრადო ხელოვნება. ყოველთვის იყო გამორჩეული თვით-შემოქმედი. როგორც თვითონ შეარქვა თავის თავს ის „ყვითელი ჩიტია“...

არსებობს მრავალი ჟურნალი, რომელსაც მისი ლამაზი სახე ამშვენებდა ჟურნალის ყრდას და გვიყვებოდა მის შემოქმედებით ცხოვრებაზე. ბრავო გიული! თბილისის პრესამ ასეთუ შძახილი აჩუქა გიულის. „გიული პირველია, ვულკანია, რომლისგანაც კიდევ უნდა ველოდეთ მისი შემოქმედების სენსაციებს!

მან ჩამოაყალიბა არა ერთი ჯაზ-ორკესტრი მეუღლესთან ერთად, გამოჩენილ ჯაზ-პიანისტსა და კომპოზიტორთან, სხვა და სხვა ქვეყნებიდან მოიწვია საუკეთესო ჯაზმენები და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სოლისტებად გააწევრიანა. 

ბიგ-ბენდი „ჩანგი“ 16 მუსიკოსისგან შედგებოდა: 4 საყვირი, 4 ტრომბონი, 5 SAX, PIANO, BAS DRAMS.

ფორტეპიანოზე ბორის რიჩკოვი - გიულის მეუღლე უკრავდა და მუსიკალური ხელმძღვანელი იყო, არანჟრების ავტორი... კუბაში, ფესტივალზე, მას ფესტივალის „სენსაცია“ უწოდეს. მან იქ კუბის კომპოზიტორის კაზ-ბალადა შეასრულა „დუელე“, რომელსაც პირველად ასრულებდა მათი დიდი ვარსკვლავი ელენა ბურკე.

 

LESNA OPERA

 

1967 წელს პოლონეთში, ბალტიის ზღვის პატარა ბრწყინვალე კურორტში - სოპოტში გაიმართა საერთაშორისო სიმღერის ფესტივალი-კონკურსი, სადაც მონაწილეობას იღებდა თითქმის მთლი მსოფლიოს საუკეთესო მომღერლები. 

ფესტივალის ორკესტრს დირიჟორობდა მათი ვარსკვლავი ადამ ვერნიცკი. ფესტივალს წინ უძღოდა კატერინა ვალენტინასა (Caterina Valente) და უდო იურგენსის (Udo Jurgens) შოუ. დიდი სურვილი მაქვს ჩამოვთვალო ქვეყნები და შემსრულებლები, რა საკვირველია, იმას, რასაც ვიხსენებ.

 

OPERA LESNA

SOPOT ^&

VII MEDZYNARODOWY FESTIWAL  PIOSENKI

DIONA BADEA – RUMUNIA

CHRIS BALDO – LUCEMBURG

GERDA BERNDORF – AUSTRIA

RUDOLF CORTES – CZECH REPUBLIC

GIULI CHOCKELI – USSR

TEA DOBS – HOLANDIA

JACEDELINE DULAC – FRANCE

EMIL HENCO – MONACO

NOUR FAUZI – TUNIS

JORGE FERNANDEZ – MEXICO

MARIANNE GESSENEY – SWITZERLAND

ZAFIR HADZIMANOW – YUGOSLAVIA

VERN HARCOURT – BARBADOS

FRANCESKA JACOVIDOV – GREECE

LAILA KINNUNEN – FINLAND

JANOS KOOS – HUNGARY

KARIN KROOG – NORWAY

DONALD YAVTREC – CANADA

YEONDA – USA

DANA YERSKA – POLAND

JENNY YUNA – WIOCHY 

JENE MARDE-WIELKA – BRITAIN

HELEN MICALLEF – MALTA

PILAR MORAGOES – CUBA

MIMI NICOLOVA – BULGARIA

CLAUDE CELLER - ??? 

EWA DEMARCZYK – POLSKA NAGRANIA

ZPATKO KOVAHCKA – POP

KRYSTINA KONARCKA - POLSKA NAGRANIA

LAURA NYRO – FOLKWAIS

EVA PILARNOVA – SUPRAFON

JEKI - RRY POLOMS - POLSKA NAGRANIA

RAIMON – CBS DISGUES

FRENK SCHOEBEL – AMIGA

KICIE SEMON – BALCANTON

YVES SIMON – PILIPS

URSULA SIPIWSKA - POLSKA NAGRANIA

DAN SPATAPU – ELECPRECORD

THORESE STEINMETS – PHUNOGRAM

 

პ.ს. ეს ქვეყნები, რაც მახსოვს და ჩაწერილი მქონდა...

 

კაფე-ბარი „გიული“

 

ოთარ ლითანიშვილი, ქალაქის მთავარი მხატვარი და არქიტექტორი, ხელოვნების ძეგლთა დაცვის საზოგადოება.

დადგა ყველაზე მძიმე, გამოუვალი მდგომარეობა ჩემს ცხოვრებაში. სცენიდან ჩამოვედი და ჩავეშვი ცხოვრების ჩემთვის უცნობ მორევში... ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. დრო კატასტროფულად სწრაფად მიჰქროდა და იცვლებოდა, როგორც სამყარო, ისე ადამიანები. სიყრმის მეგობრებს დღე და ღამ ვკარგავდი. ზოგი სამშობლოდან გარბოდა, ზოგი კი ზეცისკენ მიაშურებდა. მარტო დავრჩი... 

 

მე და ჩემი საყვარელი ავადმყოფი დედა, რომელიც დღე და ღამ ხელიდან მეცლებოდა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ისევ ფრთა გამკრა ჩემმა მფარველმა ანგელოზმა. გიჟური აზრი დამებადა. ვიფიქრე... მე ხომ არასოდეს მითხოვია დახმარება, მოდი, და ჩემს ძველ მეგობარს, მხატვარს, არქიტექტორს (მაშინ თბილისის მთავარი მხატვრის საბჭოს ხელმძღვანელობდა) მივაკითხავ.

 

მივედი სალოცავად და სანამ ეკლესიაში შევიდოდი, აბრას მივაქციე ყურადღება. ზუსტად იქ აღმოვჩნდი, ოთარ ლითანიშვილის ორგანიზაციის რეკლამასთან. გადავირიე სიხარულით. ეკლესიაში ვილოცე და ავედი გვერდით ძველ გრძელ კიბეზე. კარი რომ შევაღე, ოთარი კაბინეტში იჯდა და ქაღალდებში იყო ჩაფლული. 

„მობრძანდით“ - თავიც კი არ აუწევია.

შევკრთი, ვიფიქრე, არა, რატომ მოვედი?! ყურადღებესაც კი არ მაქცევს-მეთქი. მერე მივუახლოვდი, მოულოდნელად მოვეხვიე და შუბლზე ვაკოცე. უცებ სათვალები მოიხსნა და წამოდგა.

„გიული ჩოხელი ვარ!“ სიცილით შევძახე მას.

„უუ, შე მამაძაღლო, როგორ შემაშინე, ახტაჯანა იყავი და დარჩი?!“ ჩამეხუტა.

„როგორა ხარ, გოგო, სადა ხარ? რატომ არა სჩანდი?“ და სხვა...

 

თითქმის რამდენიმე საათი დავყავი მასთან. მოვუყევი მთელი ჩემი მძიმე სიტუაცია. წავიტირე კიდეც, რადგან მან გაიხსენა ჩემი ტრიუმფები, ფილარმონიის საზაფხულო, გოფილექტის სცენაზე რომ ვგრიმიორობდი და იყო ჩემი სიმღერების ზეიმი. ცხენოსანი მილიცია გვიცავდა გამოსვლისას მაყურებლისგან. მოკლედ, მეგობარმა ხელი გამომიწოდა.

სწორედ იმ დროს დაიწყო პირველი ტალღა კოოპერატივებისა. ჩვენი საუბრის დროს მას გაუჩნდა იდეა, მოდი და რამე მოისაზრეო. მე გახარებული დავბრუნდი სახლში.

იმპროვიზაციამ გაიღვიძა ჩემში. მინდა გითხრათ, რომ როდესაც მე ადამიანი სიკეთით შემხვდება, სიყვარულით ხელს გამომიწვდის. ჩემში ისევ ის ვულკანი იღვიძებს.

როგორც კი დავემშვიდობე, გზა გადმოვჭერი და რესტორან „არაგვთან“ შევჩერდი. გამახსენდა, ბავშვობაში აქ პატარა ბასეინი იყო. ჩემმა უფროსმა კუხიანიძემ (ის მერე მთაში დაიღუპა, მთამსვლელი იყო) წამიყვანა, ბასეინში ხელი მკრა და წყალში ჩამაგდო. მაშინ ცურვა არ ვიცოდი, რვა წლის ვიყავი. ჩამოხტა წყალში და მითხრა: „ხო, დღეიდან, დაიწყებ ცურვის სწავლასო.“

მართლაც მასწავლა ცურვა და იმ ბასეინს აღარ მოვშორებივარ. გზა გავაგრძელე და ულამაზეს ადგილას შევჩერდი. წარმოვიდგინე პატარა კულტურის ცენტრი „ჩემი პიანინო“. ეს იყო აუხდენელი ფანტაზია - იმპროვიზაცია.

 

მოვედი სახლში, გაყინლ სახლში. დედა საავადმყოფოში იწვა. გული ხშირად აწუხებდა. იტყოდა ხოლმე, გოგო, გული ჭამის დროსაც მეღლებაო... რამდენიმე დღეში ისევ ვეახლე ოთარს და ჩემი გეგმა გადავუშალე, წვრილად მოთხრობილი და დახატული. განცვიფრებული იყო. ის ნაძვებიც კი მივუხატე ჩემს ცენტრს. მოკლედ, ჩემი დირექციონი მოეწონა და მითხრა: მე შევძრავ ქვეყანას და დაგეხმარები, ოღონდ შენ ადგილი შეარჩიე, რომელიც მხოლოდ ქალაქს ეკუთვნისო.

მე აღარ ვაცალე საუბრის დასრულება და მოვუყევი იმ ადგილის - პატარა ბაღის შესახებ, მე რომ მომეწონა. დამიბარა, იქითა კვირის შემდეგ მოდი და ყველაფერი დავგეგმოთო. გამოჩნდნენ სპონსორები, აღმოჩნდა, რომ მზა МУП-ის შეძენა შეიძლება, ტექნიკის, მაცივრების და სხვადასხვა. საქმე ოფიციალურად დაიძრა და არაჩვეულებრივ სკვერში რესტორანი „არაგვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიდგა ლამაზი პატარა კულტურული კაფე-ბარი „გიული.“ 

ჩემს ბარს ძალიან კარგი საზოგადოება სტუმრობდა. საზღვარგარეთელი სტუმრები: იაპონელები, ავსტრია აშენებდა ავლაბარში სასტუმროს, ისინი ხშირად სტუმრობდნენ ჩემთან.

მე დავივიწყე მომღერალი რომ ვარ. მე უნდა მეშველა ჩემი ოჯახისთვის და სპონსორების ვალი უნდა გამესტუმრებინა. ამიტომ კარი ჩაუკეტე ჩემს წარსულს და უჩვეულო ცხოვრებაში ჩავეშვი.

ჩემი „რიჟა ზაპოროჟეცი“ როგორც მომმარაგებელს მეხმარებოდა: ბარში გავიხსენე დედაჩემის ნასწავლი ხაჭაპური, გემრიელი სოკოს დესერტი, წვენები, კოქტეილები. დედაჩემის კომპოტებისა და მურაბების რეცეპტების გამოყენებით ავაწყვე ბარის სიცოცხლე. 

შემოსასვლელში, ხშირად წკრიალებდა პატარა კართან ჩამოკიდებული ზარი. ჩემი მეგობარი ოთარი მაღრაზე საღამოს ჯაზ-კომპოზიციებს უკრავდა. ჩემი ჩანაწერების ამერიკული მუსიკის ჰანგები ატკბობდა სტუმრებს.

ბარი „გიული“ ყვაოდა. ძვირფასი წამლები კი ჩემს დედიკოს შველოდა.

პ.ს. ჩემი ბარი „გიულის“ კურიოზებს შემდეგში გაგანდობთ. ნელ-ნელა მოგიყვებით საინტერესო ისტორიებს.

 

ცხოვრების იმედმა ზარი შემოჰკრა

„ისევ მიყვარხარ“

 

ისევ მიყვარხარ, შენით ვამაყობ,

ყვავილების ქვეყნის სურნელო!

შენც თუ გიყვარვარ, ბედნიერი ვარ...

გზა გამინათე, ჩემო წარსულო!

 

სულით შენთან ვარ - ვერ დაგივიწყებ,

შენი რწმენა დღეს დამიბრუნდა...

მრავალი წელი თმენით ვიცხოვრე,

ნანატრი დილა დღეს გამითენდა.

 

მე ფრინველი ვარ - „ყვითელი ჩიტი“

კოსმოსში ფრენა ხშირად მიხდება,

დედის ნატელი მუდამ თან დამდევს,

ბედის სურვილი დღეს ამიხდება!

 

სულით შენტან ვარ, არ დაგივიწყებ!

სიკეთის რწმენა დღეს დამიბრუნდა,

მრავალი წელი - სასწაულს ველი,

ზეიმის დილა დღეს გამითენდა.

 

მუდამ მიყვარხარ, ვერ დაგივიწყე,

ყვავილების ქვეყნის სურნელი,

შენც თუ გიყვარვარ - ბედნიერი ვარ!

გზა დამილოცე, ჩემო მფარველო.

 

მე ვაპატიე შურის ავსულებს,

შემოქმედება ისევ აყვავდა...

ნიჭს მძმე ცხოვრება ვერას დააკლებს,

შენი ეპოქა დამთავრდება

 

პ.ს. ნანატრი დილა შენ გამინათე

(22.05.2013)

 

„ჩემი ცხოვრების აფორიზმები“

 

„მმართველს სიმაღლეში  ნუ გაუსწრებ - მაკრატელი უჭირავს.“

„როდესაც ბრმას თვალი აეხილება - ბორბალი ამოძრავდება.“

„ვაი თუ ისევ დამიგეს მახე?! მათ ხომ ყოველთვის უღიმოს სახე!“

„მოკლე ნაბიჯი - გრძელზე ჭკვიანია.“

„დიდ გზას თუ შეუდექი და მოგწყურდა, თავი შეიკავე... ნაკადული არ შეგხვდება.“

„ნიანგი ჰბადებს ნიანგს! ის გაზაფხულს ვერ მოიყვანს, რადგან მერცხალი არ არის.“

 

რამდენიმე ნაბიჯი უკან წარსულში

 

მე, მართალი გითხრათ, უკან ნაბიჯებს არა ვარ მიჩვეული - წინსვლა მიყვარს, მაგრამ ეს ჩემი წიგნი ”მონოლოგი” მოითხოვს ჩემს მეხსიერებას ადგილი დავუთმო და უკან დავბრუნდე - სიმართლე უნდა ითქვას!

წლების მანძილზე, ჩვენი ხელოვნების განმკარგულებელი იყო მოსკოვი... თუმცა მე და ჩემი ბენდი ”ჩანგი” საქართველოს ფილარმონიას ვეკუთვნოდით. ჩვენ საქართველოს ფილარმონიის სოლისტები ვიყავით. ჩვენ, მუსიკოსები, მომღერლები და სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლები მძიმე წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით.

მე და ჩემი ბენდი მუსკონცერტის გოსკონცერტის სოიუზკონცერტის წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით. შავი მონები ვიყავით - ჩვენ და ჩვენი ხელოვნება. ჩვენს თავს არ ვეკუთვნოდით.

მე და ჩემს ”ჩანგს” სადაც გვიკრავდნენ თავს იქ ვმართავდით სოლო კონცერტებს. შემოსავალი, რა საკვირველია, ჩვენ არ გვეკუთვნოდა. მე ვიღებდი უმაღლეს განაკვეთს 19 რუბლს და თუ სოლო კონცერტი იყო გამრავლებული სამზე და გასტროლებზე დღიურს ვიღებდით 22 მ და 50 კ, მუსიკოსები კი 6 მანეთს გამრავლებული 3-ზე თუ უბრალო კონცერში ერთ ნომრად გამოვიდოდით ერთი განაკვეთი გვერგებოდა. მე 19 რუბლი, მუსიკოსებს  - 6 რუბლი. 

ჩვენ, ჯაზმენები ვიყავით. იმ დროში კარგ სცენაზე გვგეგმავდნენ, რადგან ჯაზს ვმღეროდი და ჯაზ-კომპოზიციებს უკრავდა ”ჩანგი”.

ერთხელ, ფილარმონიის დირექტორმა კეთილი დარიგება მოგვცა: რუსეთში რომ გამოდიხართ, გრძელი, მოსაბეზრებელი, გაუთავებელი იმპროვიზაციები არ გინდათ, ნუ გააღიზიანებთ მსმენელსო (ალბათ თავისი თავი ჰყავდა მხედველობაში). რადგან ჯაზს ვასრულებდით, ჩვენი არენა იყო - გასტროლები გადასაკარგავში. მაშინ ჩვენ პირველი ჯაზმენები ვიყავით. ახალი ხილი. საზღვარგარეთის ინფორმაცია თითქმის არ აღწევდა ჩვენამდე, ამიტომ ხელმძღვანელობა (მოსკოვი) პროგრამების მითითებებსაც გვაძლევდა. Худсовет დასხდებოდნენ და გვარჩევდნენ. ეს შეგიძლიათ, ეს კი - არაო... შემდეგ, კულუარებში მე მათ ვეძაღდი Хуйсовет-ს (მაპატიეთ!)

ჩვენ წლების მანძილზე გადასახლებაში ვიყავით: მაგადანის კლუბი, სარალინის კლუბი, алтайский край და ყველა რუსული გადასახლების ადგილები შემოვიარეთ. ზაფხულში კი არა - უყინულეს ზამთრის მხარეში კონცერტებზე დავყავდით ტულუპებში, ვალინკებში (გვირიგებდნენ და ვეზდეხოდებით დავყავდით, რადგან ავტობუსი გზას ვერ კვალავდა). 

 

მაყურებელი იყო წარსულში დამნაშავეები, რომლებსაც გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან არ მისცეს დასახლების უფლება და სახალინში დარჩნენ. Вечная мерл*** (???) ერთი ხეც კი არ ამოდის, არც ბალახი, არც ყვავილი. საყინულის ადგილია. მე, ახალგაზრდა, ნიჭით გატენილი, ლამაზი ვუმღეროდი თითქმის ველურებს, მკვლელებს... ისინი ხომ სულ ციხეებში ატარებდნენ თავის სიცოცხლეს, თანაც რუსულ ციხეში მოგზაურობაც კი ეკრძალებოდათ. იქ ქმნიდნენ ვითომ ოჯახებს. სასტუმროები, ერთსართულიანი ბარაკები იყო. 

კამჩატკაზე ჩვენ ღამით ჩამოვფრინდით. აქ, სიმართლე უნდა გითხრათ, ჩვენ ჯაზი გავახურეთ, და ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ დღეში სამი კონცერტის გამართვა გვიხდებოდა. მსმენელის მოთხოვნით სოლო კონცერტები გვქონდა. დამთავრება გვიჭირდა. მსმენელი პირდაპირ სცენაზე ამოდიოდა. ეტყობა, იგრძნეს ხელოვნება და ეტყობოდათ, რომ კარგი მუსიკას და კონცერტს მონატრებული იყვნენ. 

ახლა „Северная пограничная“ - ისევ უშველებელი დიდი გზა გამოვიარეთ. ღამე მივაგენით ამ სასტუმრო ბარაკს, რადგან ერთადგილიანი ნომერი არ არსებობდა ერთ ოთახში მე და ბენდი ერთად დაგვასახლეს. ბიჭებმა პროსტინები (ზეწრები) მიაბ-მოაბეს ჩემს ლოგინთან. ყველას ამ პატარა ოთახში გვეძინა, თუ ამას ძილი ჰქვია... თვალი არ მოგვიხუჭავს. მუსიკოსები მართობდნენ, ოხუნჯობდნენ და გასტროლების დროს სასიყვარული, სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ.

 

გათენდა. ფანჯრიდან რომ გავიხედე, ჩემს თვალწინ შავი, უსასრულო წყლის ჰორიზონტი გადაიშალა. მერე გაირკვა, რომ ჩვენ საზღვარზე ვიმყოფებოდით, მესაზღვრეების ბარაკში. ჩვენი გამგზავრების დრო დადგა. ჩვენი „მოდური“ ტანისამოსი ამოვიცვით და ბარაკიდან გარეთ გამოგვრეკეს!

დედა! მიშველეთ!... ამიტყდა ისტერიული სიცილი. ჩემს თვალწინ ლენინის დიდი ქანდაკება იდგა. ხელში ქუდი ეჭირა და თავზეც ქუდი ეხურა... სასწაული...

ადმინისტრატორმა სასწრაფოდ ტრანსპორტში შეგვტენა და დავიძარით. „გიჟები ხომ არა ხართ, რა გაცინებთ! საზღვარზე ხართ და თავი დასაჭერად ხომ არ გინდათო.“

მოკლედ მერე ამ ამბავს მთელ ქვეყანას ვუყვებოდით, როგორც ანეგდოტს. ალბათ, მთვრალმა, არყით გაჟღენთილმა ხელოსანმა დაზიანებული ხელი ისე მიაბა, რომ „ბელადისთვის“ თვალებში არ ჩაუხედავს. ყინავდა. გაყინულ ტრანსპორტში ჩაგვყარეს... ისევ დიდი გზა გველოდა.

 

პ.ს. „ჩანგში“ უკრავდნენ ლენინგრადის ყოფილი ვაინშტაინის ორკესტრის თითქმის ყველა მუსიკოსი. გამოვარჩევ: ვიკტორ დოლგოვს, ვოლშტაინს, კოსტა ნოსოვს და სხვებს - ტოკმასიანი, ბაროლდინი, გონჩაროვი, პრესნიკოვი... გიჯები იყვნენ...

 

ბავშვობა

ჩემი თუთის ხე

 

მე დავიბადე მსახიობის ოჯახში. ჩემი უახლოესი ნათესავები ექიმები, მხატვრები და მუსიკოსები  იყვნენ. 

დედა - ელენე (ელიკო) ალექსის ასული ჩოხელი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის პრიმა-წამყვანი მსახიობი იყო - სიცილის ოსტატი, როგორც მას მაყურებელმა შეარქვა. თავისი მოღვაწეობა მან დაიწყო მოცეკვავეთა სახელმწიფო ანსამბლში ბ-ნ ჩივაძის ხელმძღვანელობით. ძველ ფილმებში, სადაც ლეგენდა ნატო ვაჩნაძე ასრულებდა მთავარ როლებს, დედას პატარა ეპიზოდიური როლი ჰქონდა. მაშინ მე მგონი ძალიან ახალგაზრდა 15-16 წლის იქნებოდა. (დედამ ბოლოს „მხიარულ რომანში“ იპოლიტეს უფროსი დის როლი შეასრულა). 

დედაჩემი ელიკო როცა კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალურ ფაკულტეტზე პროფესორ შულინასთან, მაშინ დედა ცემზე ფეხმძიმედ იყო. ასე რომ მუსიკას დედის მუცელშივე ვეზიარე. მე თეატრში გავიზარდე. ყველა სპექტაკლი ზეპირად ვიცოდი. დედა აგრეთვე ჯაზ-ორკესტრში იღებდა მონაწილეობას, როგორც მომღერალი, ცეკვავდა step-ს და ალტ sax-ზეც იმპროვიზაციებს ასრულებდა. პატარა შოუს აწყობდა. 

ჩემი წინაპრების სახლი ძველ უბანში - სვანეთის უბანში იყო. მყუდრო ეზოში ორსართულიან სახლს დიდი, ასწლოვანი თუთის ხე ეხვეოდა.

თუთის ხე ჩემი ოცნების ბუდე იყო. პატარა აივნიდან, რომელიც სიძველის გამო ჭრიალებდა, ხან მოძრაობდა, მაგრამ არასოდეს არ უღალატია, მოხერხებულად გადავძვრებოდი ხოლმე ძლიერ ტოტებზე რბილ, სურნელოვან აბრეშუმის ზურმუხტის ფოთლებში გახვეული ვატარებდი ჩემი ბავშვობის წუთებს, ჩემს ბავშვურ ოცნებებში ვიყავი, ხან ჩუმად მიტირია კიდეც. მეც მინდოდა მამა მყოლოდა. თუთის ხეზე ძალიან ბედნიერი ვიყავი.

 

სამამულო ომმა ბევრი ქართული ოჯახი დაანგრია და უკიდურეს სიღარიბეს აზიარა. შიმშილი, სიბნელე, დანგრეული სამყარო, დაკარგული ადამიანები და პურის წიგნაკები... არავითარი საინტერესო ცხოვრება, სწავლა და გართობა.

დიდი წვიმის დროს საბჭოს ქუჩაზე წყალი გროვდებოდა და რადგან ეს ქუჩა იყო ღრმა, დაუმუშავებელი და დანგრეული, ქურთის ბიჭს პატარა ტივით გადავყავდით. მოპირდაპირე მხარეს აფთიაქი იყო. თუ წყალში დაიხრჩვებოდი, იქვე მოგასულიერებდნენ. ჩემი სკოლა კი მეორე მხარეს მდებარეობდა. მართალი გითხრათ, მე მზიან ამინდში არც ისე ხშირად დავდიოდი სკოლაში. ძალიან მოსაბეზრებელი, უინტერესო იყო სწავლისთვის დროის ხარჯვა. სახლში უფრო საინტერესო იყო. მამა-პაპის ბიბლიოთეკა უფრო მიტაცებდა, ვიდრე ქიმიის მასწავლებელი, ნავთის ქურითა და ქვაბით რომ შემოდიოდა კლასში და ლობიოს ხარშვას იწყებდა.

მე თუ კლასში დამინახავდა, შესძახებდა: „ო ო ო, გასტრალიორი! მობრძანდი?!“ 

კლასში პირველი შატალისტი ვიყავი. დედას მეზობლებმა ამბავი მოუტანეს, „თურმე გიული კათოლიკურ ეკლესიაში, კირიჩზე, მღერისო.“ 

მე მაღალი ხმა მქონდა. დედა ალიაბევის „ბულბულს“ მასწავლიდა. მამღერებდა სტოკატოებს მაღალ ნოტებზე. ჩვენთან თუ ვინმე მოვიდოდა და დედა სახლში იყო, დამიძახებდა, მიუჯდებოდა პიანინოს და... „აბა გიული, соловей,“ და მეც დავიწყებდი სტოკატოებს. ახლა ვკვდები სიცილით რა გულუბრყვილო ვიყავი.

ჰოდა, ერთხელაც, ავე-მარიაში რომ ავწიე ხმა - პირველი ხმა - ვიღაცამ უკნიდან თმაში მომქაჩა და გარეთ გამათრია. ეს დედაჩემი იყო. 

„როგორ ბედავ? სკოლაში დამიბარეს. ვიყავი. შენი ერთიანები ოთხ კვადრატს იკავებენ მასწავლებლის ჟურნალში... შე, უსწავლელო, უცოდინაროო!“ რამდენიმე ხანი დანაყულ აგურზე მუხლებით დამაყენა კუთხეში, შემდეგ ატირდა, ჩამეხუტა და ორთავე ვტიროდით - მე სიხარულისგან, დედა, ალბათ, თავის ბედს მისტიროდა. ახალგაზრდა, ლამაზი - წვალობდა, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა... მოხუცი, ავადმყოფი დედა მარტო ზრდიდა შვილს. „მშიერი არტისტის“ წოდებას ატარებდა, როგორც მაშინდელი და ახლანდელი არტისტები.

ერთხელ, ღამე, არავითარი განათება არ იყო, სახლები - ჩაბნელებული... დედა სპექტაკლიდან ღამე ბრუნდებოდა. ვიღაცას დღისით ორმო ამოუთხრია და უკაცრიელ ბნელ ქუჩაზე მომავალი დედა ორმოში ჩავარდა. მისი ყვირილი „მიშველე, მიშველეთ“ არავის გაუგონია. კიდევ კარგი მხოლოდ მუხლი ჰქონდა გადატყავებული... 

თეატრის მსახიობი მაზმიშვილიც აქვე ახლოს ცხოვრობდა და სახლში ბრუნდებოდა. გაიგონა „მიშველეთო“. დედას თავსა და სახეზე თბილი შალი ჰქონდა მოხვეული. „ბებო, ნუ გეშინია“ - ამოიყვანა და ხელში ელიკო შერჩა. 

 

ჩემი თუთის ხე! მე ისევ კენწეროზე ვარ. ვიხსენებ ჩემს საყვარელ სპექტაკლს ნიკოლოზ ანანიაშვილის ლიბრეტო, თბილისის ცის ქვეშ - კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე. ამ სპექტაკლში ელიკო ძალიან სასაცილო როლს ასრულებდა - ქალი მეხანძრე. ტანისამოსის სრული ეკიპირებითა და გრიმით შეიცვალა თავისი ლამაზი სახე. 

კენწეროზე ვარ და ვმღერი, ხან ხმამაღლა ტექსტებს ვიმეორებ, რომელიც უფრო ჩამრჩა მეხსიერებაში და მიხარია, რომ მე ჩემს თუთის ხეზე ვარ და ვმღერი...

გადავწყვიტე დედასთვის მეთქვა, რომ მეც მინდა მსახიობი გამოვიდე-თქო... გამოვუტყდი... ელიკოს თეატრში რეჟსორისთვის, დუდე ძნელაძისათვის, უთქვამს ჩემი ოცნების შესახებ. მაშინ 9-10 წლის ვიქნებოდი.დედამ დამიძახა:

„გიული, ჩამოდი ხიდან! არ ჩამოვარდე. თეატრში მივდივართ!“

რა ბედნიერი ვარ! თუთის ხე ჩემი „ტალისმანია“!

საღამოს, თეატრში პრემიერის რამდენიმე დღეა გასული. დღეს იდგმება „თბილისის ცის ქვეშ“. დედამ მითხრა, რომ რეჟისორის თანხმობით მე ფინალში ყველასთან ერთად სცენაზე გამოვალ. ჩემი ფრაზა იყო სულ ბოლოს: „სად არის შარიკა? სად დაიკარგა?“ სპექტაკლში ძაღლი იყო დაკარგული. 

სცენაზე ადგილ-ადგილ წყალი იყო დასხმული - ელიკო ხომ სპექტაკლში პაჟარნიკი იყო.  მეშინოდა სცენაზე გასვლის. გამოსვლის დროც დადგა. დეიდა ზიზომ, სუფლიორმა, კულისებიდან ხელი მკრა და სცენაზე გამოვსრიალდი. ჰაერში გაისმა ჩემი ფრაზები... მოულოდნელად, შპაკატში ჩავჯექი. დირიჟორმა ორმოდან ხელი შემაშველა, თორემ მუსიკოსებს დავახტებოდი თავზე. დარბაზში სიცილმა იფეთქა. ფარდა დაეშვა. ხარხარი არ წყდებოდა. მე თეატრში დიდხანს აღარ მივდიოდი, მრცხვენოდა!

 

„დედას“

 

დრო - გაიპარა... ვერ დავეწიე,

მძიმე ცხოვრება - სურვილებს კარგავს.

ძველ მუხის ძირას რომ ჩამოვჯდები, -

- საღი გონება - მომავალს ქარგავს!

 

ჩემს თაიგულებს დედაჩემს ვუძღვნი!

მან ძველ თეატრში კარგად იმღერა!

მოულოდნელად, ჩემგან წავიდა -

- და, თან წაიღო ჩემი სიმღერა...

 

მე მამღერებდა დედის სიკეთე,

ჩემი არსებაც სიკეთეს თესავს...

გამწარებული სამშობლოს მტერი -

- ისევ ბასრიან კბილებს - ლესავს...

 

დედა!

შენ მაჩუქე ნიჭის მოსმენა,

სიცოცხლის სუნთქვას შენ

მისულდგმულებ!

ვიცი, გიყვარდა ჩემი სიმღერა,

ცხოვრების რწმენას

შენ დამიბრუნებ!

 

დღეს მეც დედა ვარ,

ჩემს შვილიშვილსაც გულით

ვატარებ,

ერთი შვილი მყავს, გული

ვაჩუქე -

სხვების სიყვარულს ვერ შევადარებ!

 

უშენოდ სცენა დაცარიელდა...

დღეს, სინანულით ვიხსენებ

წუთებს...

მე, ვერ ვივიწყებ - შენს ლამაზ თვალებს -

- ულამაზესად დაწყობილ ტუჩებს!

 

ოჰ, რა ძნელია დედის

სიკვდილი...

მიწა, უეცრად გამომეცალა...

- ისე დაგვესხა" შავი -

რაინდი,"

დამშვიდობება აღარ მაცალა!

 

ჩემს თაიგულებს

დედაჩემს ვუძღვნი!

როგორ გაცივდა -

ოჯახის - კერა...

მოულოდნელად ჩემგან

წავიდა -

და, თან წაიღო ჩემი

სიმღერა!

 

გიული ჩოხელი

 

(05.03.2012)

 

„ყვითელი ჩიტი“

 

ქალაქ თბილისში კვირა დღეა. ომის უკანასკნელი გაზაფხულია... თბილმა დღეებმა ქუჩაში მოსიარულე უბნის მოსახლეობას ხალისი მოუტანა. ძველი ჭიშკარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ვიწრო ქუჩას გაუყვნენ. ეს ძველი ქუჩა, მართალია, ძალიან  ვიქრო და პატარაა, სახლები და ეზოები მეგობრულად ერთმანეთს მიკროდნენ.

ჩემს ქუჩაზე თუ მოხვდით, იასამნის სურნელი გაგაბრუებთ, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ჩემს პატარა ეზოს ლამაზი ლითონის დაწნული ჭიშკარი ამშვენებს.

ეზოში გიგანტი თუთის ხე თავისი აბრეშულის ფოთლებით ეხვევა ორსართულიან უძველეს სახლს, რომელიც თუთის ტოტების ჩრდილმა დაღუპვას გადაარჩინა. სახლს მუსიკალური კიბე ამშვენებს. მისი საფეხურები ქსილოფონს მოგაგონებს. როცა კიბეზე ამოირბენ, მართლაც ქსილოფონზე დაკვრა გეგონება. ეს ჩემი კიბე ყოველთვის გადმომცემს კიბეზე ამომსვლელისა თუ ჩამომსვლელის მდგომარეობას - სიხარულს, დარდს, უგუნებობას... კიბე - ფსიქოლოგ-მუსიკოსია.

 

დედა-შვილი ხელჩაჭიდებულნი მიდიან ჩქარი ნაბიჯებით. პატარა ძლივს ეწევა დედის ნაბიჯებს. შეჩერდნენ ნავთის სარდაფთან. ჩამწკრივებული ნავთის ბიდონები რამდნეიმე დღეა უძრავად ეკვროდნენ ერთმანეთს. ომი მძვინვარებდა... 

„რა გვეშველება!“ ჩაიჩურჩულა დედამ. ჩაუარეს პურის ფურნეს და გამოვიდნენ ჩერქეზოვზე, პატარა მოედანზე. მოედანზე ბევრი ხალხი ირევა. გამოფხიზლება, გამოცოხლება იგრძნობა. ბაზარს მიუახლოვდნენ. გოგონას ყურადღება მიიპყრო გალიებში გამოკეტილმა ყვითელმა ჩიტებმა. ჩიტები ჭყიპინებდნენ. ძალიან ბევრი ჩიტი იყო ერთ გალიაში და ვიწროდ იყვნენ. გოგონა მიეპარა გალიას, საკეტს ხელი ჩამოჰკრა და გაიქცა! ხალხს შეერია... 

„ტყვეები“ ჟივილ-ხივილით გამოფრინდნენ გალიიდან და ცას მიაშურეს, თავისუფლად გაინავარდეს. გამყიდველმა შეჰყვირა: „სად არის შენი ალქაჯი! გიჩივლებთ, გიჩივლებთ!“ დედამ გადაიხარხარა და გოგონას ძებნას შეუდგა. დოლის ხმა ისმის. ფერად-ფერად ტანისამოსში ფუშფუშა ქვედაკაბა ზღვასავით ღელავდა. ნეკა თითებით ჩაკიდულები ცეკვავდნენ და ირხეოდნენ, ზურნა ერთობოდა ბგერების იმპროვიზაციით. იგრძნობოდა, რომ ადამიანებმა იგრძნეს სიკეთე. ყველა მხოლოდ ომის დამთავრებას ელოდა. აქვე, დაკუნთული მამაკაცები ტანვარჯიშის ილეთებს ასრულებდნენ. მაყურებლები გარშემო ეხვეოდნენ და ხურდებს ლამბაქზე უყრიდნენ. ეს მყუდრო უბანი დიდ სიხარულს ელოდა - ომის დამთავრებას. ეს დროც მოახლოვდა...

 

ელიკოს და, თამარი, გათხოვდა სოსო გიორგაძეზე. პროფესით აგრონომი იყო. ბიძია სოსო დაიბადა ვანის რაიონში - ტობანიერში - აზნაურების ოჯახში, დეიდა თამარი კი ეკონომისტი იყო. ტობანიერს უნდა ვუმადლლოდე - მან გადაგვარჩინა. ბიძია თავის მხარეს უვლიდა და ხორვაგიც ჩამოჰქონდა. დიდი ვენახი ჰქონდა, უვლიდა და სასწაულმოქმედი ღვინო მისი ცხოვრების ტალისმანი იყო. ზაფხულობით ტობანიერში მივყავდი. დედა დაკავებული იყო თავის თეატრში, კინოში და ზაფხულობით ჩემგან ამოისუნთქავდა ხოლმე. 

ერთხელ ბებო ნინომ, ბიძიას დედამ, სახურავის სხვენში ამიყვანა ძველი დაღრეცილი კიბეებით. ჩემს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა. ეს რა ვიხილე?! თაროებზე გაშლილი იყო თუთის ფოთლები და შავთვალება თეთრი აბრეშუმის რბილი ცხოველები ხმაურით ღრღნიდნენ ფოთლებს.  

„ეს ის ცხოველებია, რომელიც შემდეგ აბრეშუმს უანგაროდ გვჩუქნიანო“. ისევ თუთის ხე... რამდენ სიკეთეს თესავს! ცოცხალია - გამიზნული სიკეთე.

ბიძია სოსომ უთენია გამაღვიძა და სათევზაოდ ყუმურზე ჩამიყვანა. მდინარეზე ეზოს უკანა მხრიდან ჩავედით. მძიმე ბადე ოსტატურად მდინარეში გადაუშვა. ფშშშ - ჩაეშვა მდინარეში. ბიძია ღრმა წყალში თითქმის კისრამდე იდგა და ელოდებოდა თევზების მოსვლას. 

კალმახი დაიჭირა, არც თუ ისე ბევრი, მაგრამ მე ძალიან მიხაროდა სათევზაოდ რომ წამოყვანა. ხვალ შენ ითევზავებო... მოკლედ, რომ დავბრუნდით, დიდი ჭადრის ძირას ბებიას მწვანე მოლზე სუფრა გაეშალა. კეცებზე, ჭადრის ფოთლებით, მჭადები დაუცხვია. იქვე ახლოს ბიძიამ მწვადის ჩხირებიც დააწყო და ქეიფი გავაჩაღეთ. კალმახმაც მოგვისწრო...

საღამოს გორაკზე ახალგაზრდები იკრიბებოდნენ კოცონის გარშემო და ცეკვა-სიმღერები იმართებოდა. კიდევ ერთი დაუვიწყარი ეპიზოდი ჩამრჩა მეხსიერებაში. 12 წლისა ბიჭებმა უუნაგირო ცხენზე შემსვეს და ცხენი გაფრინდა. დიდი შიში ვჭამე. მარტო ის მახსოვს, თმებში როგორ ვეჭიდებოდი და როგორ შეაჩერეს გაგიჟებული ცხენი - გაუხედნავი.

ბიძია დაგვეწია თურმე და გამომგლიჯა უბედურებას. იმის შემდეგ მე ტობანიერში აღარ ჩავსულვარ. ჯაზმა გამიტაცა... 

 

დღეს და გუშინ

გიული ჩოხელის სამი  ცხოვრება

 

„დღეს ცხოვრების ბატუტზე ვდგავარ! დავხტები, ავხტები და დღვანდელ ცხოვრებას შემოვახტები.“

მე გუშინდელი ცოხვრების ისტორია მოვათავსე დოკუმენტურ-მხატვრულ სცენარში „ყვითელი ჩიტი“, რომელიც მოსკოვის დაკვეთით გადაიღო რეზო ჩხეიძის „ქართულმა კინომ“. რეჟისორი - დარსაველიძე.

ამ ფილმში მე ვთამაშობდი მთავარ როლს - გიულის პროტოტიპს და მერქვა ნინო, ჩემს მეუღლეს კი სანდრო. დედაჩემს თამაშობდა მარინა კახიანი.

მე არც ნინო ვარ და არც ჩემი თანამგზავრია მეუღლე სანდრო. 

მე გიული ჩოხელი ვარ - მომღერალი, ჩემი მეუღლე ბორის რიჩკოვი - კომპოზიტორი და ჯაზ-პიანისტი. დედა - გამოჩენილი კომედიური ჟანრის ნიჭიერი შემოქმედი. ჩემი ერთადერთი შვილი დინარა - მომღერალი და პიანისტი. აგრეთვე ჩემი ორი დაღუპული ცუგა - ჯუდი და უიტნი.... დღეს მათი ადგილი პუდელმა ჯენიფერმა დაიკავა და ჩემი გული დაიპყრო.

არ გაგიკვირდეთ, მერწყული ვარ - ცხოვრებაში და სიზმარში დავფრინავ. „მე ყვითელი ჩიტი ვარ! გალიაში დამწყვდეული და სიკეთის სულმა ჩემი გალია შეხსნა და ფრენის საშუალება მომცა.“

ეს წმინდა სული უფალია!

რომელიც სასწაულებს მჩუქნის და მეც ხელი მაქვს შეშვერილი და მადლობას ვუხდი მფარველს!

დავიწყო? დავიწყო? ნამდვილად დავიწყო? გაინტერესებთ? ყველაფერი? კარგი! ვიწყებ...

 

გული ლანგარზე

 

„ჩემი მონოლოგი“

ვიწყებ!

რატომ ვიყავი აქამდე ჩუმად?! თურმე ქაღალდი არა მქონია...

 

შევძლებ ჩემი ცხოვრების ტვირთი ისევ წამოვიკიდო?! „ზურგი“ არ გამაჩნია, მაგრამ ვეცდები... ჩავეშვები იმ უფსკრულში, საიდანაც წვალებით, მაგრამ დღეს ამოვედი, დაჭრილი და უიიმედობის გრძნობით დატყვევებული.

მაშინაც ეს შეკითხვა დავუსვი ჩემს თავს. ძველ  პიანინოსთან ვიჯექი და რაღაცას ვუკრავდი... ეს მუსიკა უფრო ფიქრსა და შიშს ჰგავდა, რადგან უფრო და უფრო უახლოვდებოდა გადაწყვეტილებას, გადამედგა პირველი ნაბიჯი ცხოვრებისა და შემოქმედების აღორძინებისკენ - ცისარტყესისაკენ! მაგრამ ცისარტყელა ხომ დროებითი მოვლენაა, ხომ შეიძლება მე ვერ შევძლო ისე გავბრწყინდე დროებით, ცისარტყელასავით მხოლოდ წუთებით... და ვერ გავუძლო მიტოვებული შემოქმედების თავიდან დაწყებას?! ახლაც მეშინია... პირველად ჩემს ცხოვრებაში.

ვგრძნობ, რომ დაგროვილია ჩემში ის რაც მინდა გავუზიარო მთელ სამყაროს! დავიწყო? მართლა დავიწყო? ვიწყებ!

 

ჯაზმენის ხვედრი

 

მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. მე, მარტოს მომიწია ჩემი აღორძინება. ბევრი შრომა დამჭირდა, რომ ეს მომხდარიყო. უფალმა ისევ მაჩუქა სასწაული, მადლობა უფალს.

ჩემი შემოქმედება არასოდეს ჩაჯდება რომელიმე ხელოვნების დოგმატურ ჩარჩოში... მე ყოველთვის მომაქვს ჩემი გამორჩეული ხედვა. ამას სხვებიც აღნიშნავენ. იქნება ჩემი სიმღერის სტილი, ჩემ მიერ შექმნილ ფერწერაში - პოლიეთილენის კომპოზიციებში, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმებში, თუ უბრალოდ ცხოვრების სტილში.

მე შემოქმედების არენაზე ყოველთვის „ყვითელი ჩიტი“ ვარ - გალიიდან გამოფრენილი ყვითელი ჩიტი - ქართულ საზოგადოებაში თუ ხელოვნებაში.

ბატონი გოგი ცაბაძე თავის ოპერეტებში დედას ათამაშებდა. მეგობრობდნენ. გოგის ძალიან უყვარდა დედა, მისი გამორჩეული მსახიობური ნიჭი. ერთხელ, როცა მე სცენაზე ჯაზურ მუსიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, გოგო ელიკოს მუსკომედიის ბაღში სკამზე ჩამოუჯდა და უთხრა: „ელიკო, არ მოიწყინო... გააჩერე შენი შვილი, კაცო, რასა მღერის - მელოდიებს ვეღარა ვცნობ, რეებსა მღერის, რას აკეთებს?! მუსიკას ამახინჯებსო...“ დედას გაეცინა და უპასუხა: „ჩემთვისაც უჩვეულოა, მაგრამ, ასეთია, ეს გიულია, ბავშვობიდან გამოირჩევა თავისი ხასიათითო...ეს მისი ხელოვნების გამოვლინებაა, მე ვერ ჩავერევიო. დრო მოვა, შენც შეგიყვარდება ჯაზი და მას გაუგებო.“

დღვანდელი გადმოსახედიდან, მე ან მიმიღეთ კეთილი, გამორჩეული ხელოვნების მსახური, ანდა ჩაეფლობით ტრაფარეტულ, ერთფეროვან, მოსაბეზრებელ ჩარჩოში.

მე დაბადებიდან ნამდვილ დემოკრატიულ ხელოვნებას ვემსახურები, ოღონდ ჩემი ხედვით! ჩემს საქართველოს 50 წელი დასჭირდა, რომ ჯაზი შემოეშვა სამყაროში და მისი პოპულარიზაცია დაეწყო.

ვწუხვარ, რომ დიდი ქართველი კომპოზიტორი - გოგი ცაბაძე ვერ მოესწრო ჯაზის დღესასწაულს საქართველოში.

ახლა პატარა გადახვევა გავაკეთოთ...

მე საერთაშორისო სიმღერის ფესტივალი-კონკურსიდან პირველი მომღერალი ქართველი ვარ. უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა 12 ქვეყნიდან დღემდე ეს პრიზი არ ჩამოუტანიათ. 

ჰოდა, ნოემბერი იყო. ძალიან დაღლილი ჩამოვფრინდი თბილისში პოლონეთიდან. აეროპორტში არავინ დამხვდა - მხოლოდ ჩემი დეიდაშვილი თავისი დანგრეული „პაბედა“ მანქანით. დედამ მითხრა: შვილო, დაისვენე, იძინე რამდენიც გინდა. ჯერ ნუ წახვალ ფილარმონიაშიო.

მართლაც, კარგად დასვენებული, მოწესრიგებული, ლამაზი ვარცხნილობით, ტანისამოსით, პირველი გრან-პრის მფლობელი ფილარმონიის თეთრი ქვაფენილების კიბეებზე მაღალი ქუსლების კაკუნით ავდივარ თავმოღერებული. გული მიცემს. მგონია ახლა შემომესევიან და იქნება მთელი ამბავი. ჩემს წინ კედელზე დავინახე განცხადება დიდი შავი ასოებით: Обявить строгий выговор певице Гиули Чохели за неявку на парад 7го Ноябряю!

 

Без коментарий...

მე არ გავაკეთებ კომენტარს.

ჩუმად ჩამოვედი კიბეზე და სახლში დავბრუნდი. არ გამიკვირდა და არც მეწყინა. უბრალოდ გამახსენდა...

საზაფხულო თეატრში, ფილარმონიაში, მე და ჩემს ბენდს „ჩანგს“ საღამოს სოლო კონცერტი უნდა გაგვემართა - 17-20 სიმღერა უნდა მემღერა. რეპეტიციაზე მოვედით და რას ვხედავ, ღმერთო მიშველე!

სცენაზე სქელი თოკია გაბმული და ზედ კიდია მთელი ფილარმონიის კაბინეტების მტვრიანი ნოხები და ფილარმონიის ქალები, მომსახურე პერსონალი ჯოხებით ბერტყავენ ნოხებს. გარეთ გამოვცვივდით. თეატრში, სცენაზე საშინელი მტვრის ბუღი იდგა. ქალებს ცხვირ-პირი ახვეული ჰქონდათ, კონცერტი მხოლოდ დიდი უბორკის - 3 დღის შემდეგ გავმართეთ. თეატრში, სცენაზე, საორკესტრო ორმოში, სკამებზე, მთვარის ნიადაგი გეგონებოდათ, 2-3 სმ მტვერი იდო. 

მადლობა ყურადღებისთვის!

 

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სასწაული.

სოპოტის გამარჯვების შემდეგ, ერთმა ნიჭიერმა მხატვარმა-იუველირმა მომიტანა საჩუქარი - ვერცხლის ჯაჭვურად დაწნილი მსხვილი, ულამაზესი ხელის სამკაული - ბრასლეტი ჩემი ინიციალებით. 

ეს სამკაული ხელზე მეკეთა, როცა ევროვიზიაზე ჩავედი პრაღაში. ამ ფესტივალზე შვედ იმპრესარიოს მისტერ ვესტერბერგის მომღერალი მეუღლე მონაწილეობდა, მშვენიერი ქ-ნი ინგერი. ისე მოხდა, რომ ჩვენ - მე და ჩემი მეუღლე და ვესტერბერგი მისი მეუღლით რესტორანში სადილად ერთ მაგიდასთან გაგვანაწილეს. ერთ მაგიდასთან ვსაუზმობდით, ვსადილობდით და ასე გრძელდებოდა ევროვიზიის დამთავრებამდე. ძალიან სიმპატიური ადამიანები იყვნენ, დავმეგობრდით.

ინგერი ჩემს ბრასლეტს სულ ხელით ეფერებოდა და ძალიან მოსწონდა. ჩვენი ბოლო საღამო იყო ბარში. დიდი ლხინი გაიმართა. ჯაზი, ცეკვები, სიმღერა.

მე ინგერს გადავეხვიე, ჩემი ბრასლეტი მოვიხსენი და ინგერს გავუკეთე ხელზე. გადაირია, უშუალოდ კიოდა და ხტუნაობდა. აღტაცებული იყო. დილას კი ყველა მონაწილე ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში გავემგზავრეთ. ევროვიზიის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. შვედეთიდან ჩვენს სახლში - მოსკოვში ტელეფონმა დარეკა. ბორისის ხმა მომესმა, ვიღაცას ინგლისურად ესაუბრებოდა. მე მოუთმენლად ველოდი როდის დაამთავრებდა ბორისი საუბარს. გვერდით ვედექი. ყურმილი დაკიდა და ჩემკენ სწრაფად შემოტრიალდა და ჩამეხუტა. Поздравляю чиж!

ვესტერბერგი თავისი ტელე-პროგრამის 30 წუთს გითმობს. ოფიციალურად მოგვიწევს. ყველაფერი გოსკონცერტში მოვა. 

წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა!

მე და ბორისმა დავიწყეთ ინტენსიურად როიალთან მუშაობა. ავარჩიეთ USA ჯაზ-ტონალობები და დაუღალავად ვშრომობდით. ვესტერბერგმა დარეკა. ბორისმა უკარნახა ჩემი სიმღერების სია, ყველა სიმღერის ტონალობა და ტემპი. ეს ყველაფერი იმპრესარიომ მოითხოვა. იქ შეამზადებდა არანჟირებებს და თავისთან მიწვეულ Big Band-ს. ეს ყველაფერი მან შეგვატყობინა, რომ გოსკონცერტში გასამგზავრებელი ბილეთებისა და საბუთებისთვის მიგვეკითხა. გამგზავრების დრო მოვიდა. ორშაბათს გოსკონცერტში მივედით. დიდხანს მოგვიწია ლოდინი გოსკონცერტის რედაქტორის კაბინეტთან. კაბინეტიდან ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ქალი გამოვიდა და გვითხრა, პარასკევს მობრძანდით საბუთებზე და ბილეთებზეო. იმპრესარიო გაფრთხილებულიაო. პარასკევს მოვედით. ისევ ქალი გამოვიდა კაბინეტიდან და გვითხრა სიტუაცია შეიცვალაო...

თქვენ არ მიდიხართ შვედეთში... გუშინ ნანი ბრეგვაძე გაფრინდაო. გავშეშდით. ადგილიდან არ ვიძროდით. ქალმა კაბინეტის კარი ცხვირწიინ მოგვიჯახუნა. 

ხმა არ ამოგვიღია, გავბრუნდით და დავტოვეთ ეს ჯოჯოხეთის კუნძული. სიჩუმე ვარჩიეთ. ბორისმა ჩემი ავადმყოფობა შეატყობინა იმპრესარიოს. ჩვენი კონტრაქტი ბორისმა განზრახ შეწყვიტა, დავიკარგეთ...

დიდი დრო გავიდა. იოსებ კობზონმა დამირეკა. გიული, შენთვის საჩუქარი მაქვსო. მოვიდა ჩვენთან და მისტერ ვესტერბერგის საჩუქარი გადმომცა - ელვის პრესლის ფირფიტებიანი ალბომი. იცოდა რომ მიყვარდა ეს ვარსკვლავი. ზედ ერთი სიტყვაც ეწერა ინგლისურად: Вас жду!

Еськам მოგვიყვა, თურმე მისი მეუღლე, ინგერი, ფესტივალის შემდეგ, რამდენიმე ხანში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. შენი საჩუქარი ვესტერბერგს ყოველთვის თვალწინ აქვსო. 

 

პ.ს. ევროვიზიის დროს, ბოლო საღამოს, ბარში ბორისის ტრიომ დაგლიჯა. აღფრთოვანებული კიოდნენ. ჩვენ ჯაზი გავახურეთ - ის რეპერტუარი, რაც სცენაზე ვიმღერე. 

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მოსკოვის ჯაზ-კლუბში ვართ და ბორისს მუსიკოსმა ჩასჩურჩულა და საყვედური უთხრა, გიული რომ ევროპის ხუთეულში შევიდა, ევროვიზიის შემდეგ რატომ არ დავასველეთო...

საკვირველია, რომ ჩვენ არავის არ ჩავუყენებივართ საქმის კურსში... ეს ამბავი შემთხვევით გავიგეთ პოლონური პრესიდ

"ღამის სიბნელეს ხელოვანი ანათებს!"

 

ხელოვნება - ზღვის ტალღებია...

ხან აღელდება - ხან დაწყნარდება...

მას  თუ ეღირსა აღიარება -

- ბავშივით გაუხარდება.

 

ხელოვანი ბავშვია ისევ,

მას მოფერება - სითბო

სჭირდება,

თუ აიძულებ - ჭაში ჩავარდეს,

მისი ცხოვრება - დაიღუპება!

 

ხელს ნუ აუკრავ ხელოვანს,

ნუ ცდილობ ჩააგდო ჭაში ..

უფალი არ გაპატიებს -

- დაიღუპები ცხოვრების ზღვაში...

 

შენ - გაუფრთხილდი ქართველ

ხელოვანს,

მზის სხივს სიბნელეს ნუ

მოაფარებ!

ჯურღმულ სიბნელეს ის

გაანათებს -

გამოცდილი ვარ! შენთვის

ვქადაგებ!!!

 

კაშკაშა მზეს, სიბნელე ვერ 

დააბნელებს

მწვანე ბალახი - ქვაშიც

ამოვა...

შენ ნუ ეცდები - მზე დააბნელო -

- მზე, ღამის შემდეგ, მაინც -

- ამოვა!!! -

 

ხელმოცარული შური

 

უსაზღვრო არის

ბოროტის შური....

ბევრი დაღუპა შურის

- ქარებმა-...

არ უშინდები შურის „მეძებარს“

კეთილი სული, კვლავ მეხმარება!

 

სასწაულია, ის რომ,

უფალი ყველაფერს ხედავს!

დროზე შეჩერდი, თორემ,

ვერ გაექცევი - „მერანს“

 

მაგრამ, შურ-შური

არ დაგივიწყებს,

რადგან, უზნეო გრძნობამ

არია.....

შურით დანგრევას

ნუღარ ეცდები ....

სულის სიწმინდე შენი

- ფარია...

 

როცა მიიღებ შენ

ცოდვის - ხურდას...

თავში ხელს ირტყამ:

„რად დავიღუპე?!“

ცოდვა - შვილებზე  გადანაწილდა

ოჯახს აევსო ცრემლების

-გუბე-

 

ზეცის სასწორი

ყველაფერს წონის

შენ მიერ შექმნილ შურიან

- შედევრს...

ვერსად ვერ ჰპოვებ

სულის სიმშვიდეს -

მიდი! და თავი ახალე

კედელს!

 

ჩემს მტერს ურჩიე:

მოდი, დაწყნარდი ნუ

იმალები!...

თუ, გადაურჩი შენ  უფლის

რისხვას -

გთხოვ, დაივიწყე შურის

-ალები-

 

დღეს, ბოროტებით

ჩალეწილ გულებს -

სიკეთის შური მუდამ

თან ახლავს!

ვერ დაიმონებს

სიკეთეს შური,

რადგან სიკეთეს

უფალი ფარავს!

 

ისევ მოგიხმობ!

სიკეთე  - თესე!!!

ნუ დაუჩოქებ ავ-ქარებს...

სჯობს, დაუბრუნდე

კეთილ ცხოვრებას  და,

სიკეთის გზაზე

ღმერთი გვფარავდეს!

„მოულოდნელი ისტორია“
თბილისში, ჩემს ძველ ამერიკელ ქართველ ნაცნობს, სახელი აღარც მახსოვს, ძველმა მეგობრებმა თბილისში ჩამოსვლის დროს ბინაში შეხვედრა-ბანკეტი მოუწყვეს. მე დამპატიჟა და ერთად წავედით. ალბათ ესახელებოდა ჩემთან ერთად გამოჩენა იმ სახლში... ძალიან თბილი საღამო იყო. მასპინძლმა ქალმა, დიდი აღტაცება გამოხატა ჩემსა და ჩემი ხელოვნების მიმართ. ჩემს სადღეგრძელოს სვამდნენ დიდი პატივისცემით. მასპინძელი მეფერებოდა და მაქებდა. 
იქიდან, მე ბოდიში მოვიხადე და მარტო წამოვედი. რადგან ღამე მანქანას ვერ ვატარებ. მეშნია, ვინმემ წინ არ გადამირბინოს, მაშინ ქუჩები სიბნელეში იყო ჩაძირული. ამერიკელი-ქართველი იმ ოჯახში სტუდენტობის დროინდელ მეგობართან ერთად მასპინძლის სახლში დარჩა. მეორე დღეს დავურეკე მადლობის გადასახდელად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ისევ იქ იქნებოდა და იქ მიღებულ სიამოვნებას გავუზიარებდი. 
ტელეფონთან მასპინძელი მოვიდა. მივესალმე. აღარ დამაცადა რაიმე მეთქვა და მეცა გააფთრებული...
„გოგო, გუშინ რატომ არ მოხვედი. სად იყავი? ჩემთან ამერიკელი ლალი იყო, ჩამოვიდა... გიული ჩოხელი მოიყვანა, ხომ გახსოვს? აი ის გიული ჩოხელი, რომ მღეროდა... თავისი მოღრეცილი ტუჩებით... გათხუპნული, ან რა ეცვა... რასა ჰგაააავს! რეები ილაპარაკა, მერიდება ამის თქმა ტელეფონში. თავს ძლივს ვიკავებდით... ეს ნაბოზარი ესა... ეს ლალიც კაი ჩათლახია, რას მოათრია ჩემს სახლში?!“ მე გატრუნული, ჩუმად ვუსმენდი ბოლომდე. პაუზა დაიჭრა და მე ჩავერთე!
„გენაცვალე, მე გიული ჩოხელი ვარ!“
ტუ, ტუ, ტუ, ტუ, ტუ, ტუ....
პ.ს. მასპინძელმა თავისი ტელეფონის ნომერი მოწიწებით თვითონ მომცა წინა საღამოს... დარწმუნებული ვარ, სასწრაფოდ შეცვლიდა ამ ნომერს...
და კიდევ ერთი ჭორი.
ამერიკაში ტელევიზიამ ჩემი ინტერვიუ გადაიღო. ინტერვიუს ბოლოს წამყვანმა, რომელიც მოსკოვის ტელევიზიის (ოსტანკინოს) ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი იყო, კითხვა დამისვა: „Скажите, эта правда что вы работали ночным сторожом когда у вас в городе стриляли?“ თქვენთან 90-იან წლებში არეულობა რომ იყო...? ჩემი გაფართოებული თვალები რომ დაინახა, ცოტა მოერიდა ჩემი. და გააგრძელა, მე როცა ვიკითხე, სად არის ეს მომღერალი, არცა სჩანს და არც ისმის, დარწმუნებით მიპასუხეს: она работает ночным сторожом в Москве…Одета как подобоет ночному сторожу – зимой в тулупе и в валинках. Когда мы спросили когда откроется склад она раздаженно ответила: “Что вы так на меня смотрите, вы знаете кто я?! Гюли Чохели. Мы ужаснулись она упала до самого низу. Ужас!...”
ეს ქალბატონები რუსული ინტერნეტის იმ სიუჟეტის ავტორები იყვნენ. იქვე მეორე ახალი ამბავი, თურმე მე ჩემი მუსიკოსები ისე ვცემე, რომ თვალი ამოვუგდე და დავაბრმავე...
პ.ს. ხელი დამეღალა ამდენი საძაგლობის წერით.
უფალო, დამიფარე!
„ბაზრის ქალი“
კიდევ ერთიც. ბაზარში ვიყავი, რაღაცას ვყიდულობდი. შეველაპარაკეთ ერთმანეთს, როგორც ბაზარში ხდება ხოლმე. 
„უიმე, ქალბატონო, რა ნაცნობი ხმა გაქვთ? ვერ ვიხსენებ!“ მე მოვეხმარე: „მე გიული ჩოხელი ვარ!“  გადამეხვია. „უი, შენ გენაცვალე, ვერ გიცანითო. მე თქვენი სიმღერები მიყვარსო...“
გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი და ისევ იმ ყველის გამყიდველთან მივედი. ღიმილით უნდა მივსალმებოდი, მან ზურგი შემაქცია. მე ხმამაღლა მივესალმე. საერთოდ, მეორე დახლისკენ დაგაიწია. ბოლოს, ხელი მოვკიდე. „გამარჯობა, ქალბატონო!...“მომიტრიალდა და უხეშად მომმართა: „შენ მატყუარა ხარ!“ 
„რას ამბობთ, რას?!“ (კინაღამ გავგიჟდი). ხმა არ ამოვიღე, მანქანაში დავბრუნდი და პირადობის მოწმობა მივაფარე თვალებზე... ძალიან გავბრაზდი. რომ წაიკითხა ტონს დაუწია და ბოდიშების კასკადი არ წყდებოდა,,, წაიტირა კიდეც...
„რა ვიცი, ჩემს ქმარს სიხარულით ვუთხარი, გიული ჩოხელი ვნახე, ჩემგან იყიდა–მეთქი და ესე მითხრა, რას ამბობ ქალო! გიული ჩოხელი დიდი ხანია მოკვდაო.“
პ.ს. თქვენ არ მითხარით, დაიწყეო? ჰოდა დავიწყე.
„ციმბირი“
მუსიკალური ათწლედი
„ტრიო“ – გიული ჩოხელი, ედიკა სეფაშვილი, სოსო ებრალიძე.
მუსიკალურ ათწლედში დედამ მიმიყვანა. ჩავაბარე ვოკალურზე. ნიჭიერთა ათწლედში გაკვეთილებიდან სახლში მოვედი და დედამ მითხრა. არ მინდოდა შენთვის მეთქვა რაც ვიცი... რასაც მალავ... შენ საბაჩი პერეულოკში ორკესტრში მღერი ხოლმე, არა?! ჰოდა, ედიკა სეფაშვილი იყო ჩვენთან და მომღერალს ეძებს, ტრიოს შექმნა უნდა და გოგო აკლია, გინდა?
მე გადავირიე სიხარულით. არ მინდოდა ნიჭიერთა ათწლედი – იქ სოპრანოს პარტიებს მამღერებდნენ. ვკიოდი და ვწიოდი...
მოკლედ, რეპეტიციებს ჩემს პატარა ბინაში მარჯანიშვილის მოედანზე ვატარებდით მე, ედიკა და სოსო ებრალიძე. როცა ჩამოვყალიბდით და დედამაც შეგვაქო, ედიკამ გამოგვიცხადა: მოსკოვში მივდივართ! მაშინ მოსკოვში მატარებელი 2–3 დღე დადიოდა. ვაგონშიც გავდიოდით რეპეტიციებს და იქ დიდ მოწონებას ვიმსახურებდით. ელიკომ უგემრიელესი ხორვაგი გაგვატანა, ბიჭები კი კუპეებიდან მოტანილ ლუდს ურტყამდნენ. 
ჩავედით მოსკოვში. ყინვაა... კაპრონის ქუსლები, თხელი სამოსი მაცვია, ჯიბეებში კაპიკები. სასწაულია რომ არ დავიღუპეთ! თბილ, ჩაკეტილ სადარბაზოებში ვთბებოდით. უფალმა და მფარველმა ანგელოზმა ხელი ჩაგვავლო და სასწაული მოხდა – მოგვისმინეს და პირველი ელექტრო ინსტრუმენტების ორკესტრში აღმოვჩნდით ვოკალური ტრიო, როგორც მე ვეძახი: в калонном похоронном зале. დარბაზმა დიდი წარმატებით მიგვიღო. ყველაფერი ვიმღერეთ, თუ რამე ვიცოდით. დაიწყო ტაციობა: შუროვ რიკუნინ, მირონ ნოვიცკი, გალა კონცერტებში მონაწილეობა! მოკლედ, ძალიან პოპულარულები გავხდით. ბოლოს შუროვ–რიკუნინმა თავისი გასტროლები დაგეგმა ციმბირში არაისკი კრაი, 60% ყინვა იყო. დაგვირიგეს ტულუპები, ვალინკები და კონცერტებზე ბრონი–ტრანსპარტიორებით დავყავდით. ძალიან დიდი მანძილი იყო გასავლელი. ერთხელ, არ ვიცი რა მოხდა, ორადგილიან მანქანაში ჩაგვტენეს. მაშшნ ედიკამ თქვა, ზემო ღია მანქანას არ ვიცი რა ჰქვია, მოკლედ, ეს მანქანა იყო სატვირთო, ღია მანქანა. მე და სოსო, როგორც „ბავშვები“ მძღოლის კაბინაში დაგვსვა ედიკამ, თვითონ ზემოთ ავიდა. მივდივართ, მივდივართ, მივდივართ... გზა არა თავდება, ძალიან ცუდი გზებია, მანქანა ნელა მიდის, მაგრამ უცებ შედგა მანქანა და ორმოში გაჩერდა. მოგვესმა ედიკას შემზარავი ყვირილი. გადმოვცვივდით, ავძვერით და ედიკა მოყინული რკინის იატაკზე წევს და ტკივილისაგან ღრიალებს. დაგვეწია მეორე კოლექტივი. ჩასვეს  და საავადმყოფოში წაიყვანეს. ფეხი, რომელიც ისედაც სტკიოდა, მოიტეხა და ოპერაცია დასჭირდა. ეს იყო და ეს. ჩვენმა ტრიომ სული დალია. თბილისში პატარა გრამ–ფირფიტებზე დარჩა ჩვენი ტრიოს ჩანაწერები. დღეს ეს სიმღერები რადიოს ფონდშია დაცული. 
პ.ს. ჩვენი ტრიოს სურათი ჩემს წიგნში შევა.
დაიწყო ჩემი მოღვაწეობა დიდ სცენაზე. ლეონიდ უწიოსოვოს BAND, (ვ. ლუდვიკოვი, ვერ გავარჩიე სახელები  )
მინდა ჩამოგითვალოთ ის ჯაზ–ორკესტრები და ქვეყნები–ფესტივალები, კონკურსები, სოლო კონცერტები, ჯაზ–ვარსკვლავთა მონაწილეობა ჩემს BAND–ში, ჩემს ფირფიტებში ვინ მონაწილეობდა, ჩემი აღმოჩენები და ჯილდოები! თქვენ ყველაფერი ჩემგან გულწრფელად მინდა შეიტყოთ – სრული სიმართლე. 
1989–1994
თბილისის გული ჩქარი სირბილით ფეთქავდა... თბილისი არეულობამ მოიცვა. ბევრი უსამართლობა... გაჭირვებამ მოიცვა საქართველო.  დაბრუნდა სამამულო ომის თარგი. რუსთაველის ხანა. ქართველი ქართველს აღარ ინდობდა. ხალხი დაიბნა. არეულობას რუსეთი მართავდა. „კომუნისტი“ შევარდნაძე საქართველოსკენ იყურებოდა. „მოვენატრეთ!“ გამსახურდიამ საქართველოს თავისუფლება გამოაცხადა. სიხარული და იმედი დაუბრუნდა ქართველ ხალხს... მაგრამ, დროებით ჩამოვარდა სიწყნარე. მტერმა არ დააყოვნა, ისევ არია საქართველო. თბილისში ძმათა სისხლი იღვრებოდა და ისტორიულ შემობებს, ეკლესიას, ქართველი – შიდა მტერი ტყვიებს აჭედებდა. ქართველი ესროდა ქართველს. პირველობის და „სკამის“ ჟინი აბრმავებდა მათ. გამსახურდია თავის თანამოაზრე მებრძოლებთან ერთად მთავრობის სახლის სარდაფში განლაგდა. პატრიოტები იქ თათბირობდნენ. თბილისმა თავისი იერი დაკარგა. ჩემი ოჯახიც დიდ გაჭირვებაში იყო. ჩემი საყვარელი, ავადმყოფი დედა გარდაიცვალა 1991 წლის 25 ივლისს. თბილისიდან ოჯახები გახიზნულები, გაქცეულები იყვნენ. დედას დასაფლავებაზე მხოლოდ „მშიერი“ არტისტები იყვნენ – ვისაც წასასვლელი არსად არა ჰქონდათ.
გამსახურდია გააპარეს. ჩეჩენმა მეგობარმა თავის ქვეყანაში უმასპინძლა, შეაფარა... მიმძიმს გავაგრძელო... თქვენი ისედაც ყველაფერი იცით.
კიდევ ერთი გამორჩეული თავისუფლების იდეით გაჟღენთილი პატრიოტი დავკარგეთ. ისევ შურმა და ღალატმა დაღუპა გმირი – გამსახურდია. 
ნათელში იყავი!
ერი შენ არასოდეს არ დაგივიწყებს. შენს დაღუპვას მე დღესაც ვგლოვობ.
„ყვითელი ჩიტი“
(გაგრძელება)
ჩემს ყოველდღიურ მოვალეობაში შედიოდა პურის მოტანა. დედა თეატრში დღედაღამ იყო დაკავებული. 
პურის ფურნე ჩვენი ქუჩის კუთხეში იყო (საბჭოს) იაზონოვის მოედანზე. ქუჩას რომ ჩამოვუხვიე, კაცის ყვირილის ხმა მომესმა: „ომი დამთავრდა, ომი დამთავრდა!“ ამ შეძახილმა მეც ამიტაცა, გავრბოდი და ვყვიროდი - ომი დამთავრდა... ომი დამთავრდა! ჩავურბინე ნავთის გასაყიდ სარდაფს. ჩემი ნავთის ჭურჭელი ისევ გაუნძრევლად იდგა იმავე ადგილას... არ მიუღიათ ნავთი... ფურნესთან რიგი იდგა. ქალები ჩოჩქოლობდნენ ახალი ამბებით, ჭორებით... ქარი ძვლებამდე ატანდა, ციოდა... მე წინ არავინ არ გამიშვა, ჩემმა რიგმა ძლივს მოაღწია. გამყიდველმა მიბრძანა: „წიგნაკები!!!“ გაყინულ მუჭაში წიგნაკი აღარა მქონდა. მაღაზიიდან გამოვვარდი და სირბილით რამდენიმეჯერ შემოვიარე ის ქუჩები, მთელი უბანი... მაგრამ ამაოდ! ვერ ვიპოვნე. დედა რეპეტიციიდან დაბრუნდა.
„ისევ მანდ ზიხარ? ჩამოდი, პური შევჭამოთ!“
მე ადგილიდან არ ვიძროდი - დანაყული აგური ყოველთვის მეხსიერებაში ბუდობდა. რაღა ვქნა?! ოფლში ვიწურებოდი შიშისგან. დედას რა ვუთხრა...
მთელი ძალა მოვიკრიბე და დავიძახე: „დედა, პურის წიგნაკი დავკარგე!“
ჩამოვხტი ხიდან და ქუჩაში გავიქეცი. ეს დანაკარგი ჩვენთვის ტრაგედია იყო. მთელი დარჩენილი დღეები უპუროდ მოგვიხდებოდა ყოფნა. 
ელიკომ მომძებნა. მიხვდა რომ ძალიან შეშინებული ვიყავი და დამიყვავა: „არაუშავს, მოდი, ნუ გეშინია, დეიდა თამარამ მჭადის ფქვილი ხომ მოგვიტანა.“ გადავრჩი... წავიხემსეთ... დედა ჩამეხუტა და თეატრის სასაცილო ამბებს მომიყვა. ვხარხარებდით. მე მაშინ ბედნიერი ვიყავი.
ჩემი უბანი ძალიან ღარიბი, კეთილი და ნიჭიერი ადამიანებით  იყო დასახლებული. ჩვენს ეზოსთან ახლოს, პატარა გორაკზე ცხოვრობდა, დღეს გამოჩენილი ნიჭიერი მხატვარი - რუსუდან ჯავრიშვილი. მუსკომედიის სპექტაკლებს აფორმებდა... ჩვენი უბნის ამ მონაკვეთში მხოლოდ ჩვენ გვქონდა პიანინო. დეიდა რუსიკო ჩვენთან ჩამოდიოდა დილით, მიუჯდებოდა პიანინოს, ველური ხმით უტევდა იტალიურ „სანტა ლუჩიას“. სიმღერის ბოლოს თვითონაც ხარხარებდა...
რუსუდან ჯავრიშვილი ელენე ახვლედიანის სტუდენტი და უმცროსი  მეგობარი იყო. ჩვენს პატარა ქუჩასთან ძალიან ახლოს, ქართული კინოს ვარსკვლავის, სპარტაკ ბაღაშვილის მოკრძალებული ერთსართულიანი სახლი იდგა. ბავშვებს შეგვკრებდა ხოლმე, ჩამოგვაჯენდა ქვებზე, დაგვირიგებდა მოხარშულ სიმინდებს, გალეტებს და აღფრთოვანებით გვკითხავდა „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდებს, შემდეგ გვიხსნიდა შინაარსს ყოფით ენაზე. ჩვენ მხურვალე ტაშს ვჩუქნიდით, თუმცა მაშინ ეს ჩვენთვის გასაგები არ იყო. ძალიან კარგი მქუხარე ხმა ჰქონდა, თბილი, კაკლის მურაბის შავი ბრიალა ლამაზი თვალები - ნაპერწკლებს ყრიდა. 
გრძელი შავი გაშლილი თმა უმშვენებდა სახის ნაკვთებს. მაღალი, უშველებელი ხელის მტევნები ჰქონდა. მოძრავი და მეტყველი ხელები. 
დღესაც თვალწინ მიდგას უნიჭიერესი გიგანტი.
პ.ს. მინდა ჩემი გულის ტკივილი გაგანდოთ. ჩემი უბნის პატარა ბაღის წინ აღმართულია უშველებელი, უნიჭოდ შესრულებული მაიაკოვსკის ქანდაკება. ეს ბეტონის ხროვა უნდა მოიხსნას და დაიდგას სპარტაკ ბარაშვილის ქანდაკება - კინო „არსენას“ როლის გამოსახულებით. ჩვენი უბანი მაიაკოვსკისა კი არა - სპარტაკ ბაღაშვილისა იყო და არის!
მშვიდობის ძეგლი
ბავშვი ვიყავი, როცა ქარცეცხლით,
მტერმა შელახა ჩვენი ბუნება...
ჩემი სამშობლოს კარი შეაღო,
ხალხს მოუტანა უბედურება
ნაჭრილობევი ქართული მიწა,
მამებს და შვილებს ომში გზავნიდა...
პირდამხობილი, მახინჯი ომი -
- ჩვენს ვაჟკაცებთან ვერას გავიდა -
და, თუ, ერთხელაც გაბედა კიდევ,
კვლავ დაარღვიოს ზავის უფლება,
სამება არის გადასარჩენი -
- დედა - სამშობლო - თავისუფლება!!!
იბერიელი ზარს დაჰკრავს ისევ,
მთვარე უკუღმა ამობრუნდება...
დამარცხებული დაღლილი ომი -
- თავის ბუნაგში ვერ დაბრუნდება!!!
დღესაც ის მოხდა, რაც ბავშვობაში...
გულის ტკივილი ისევ მაწუხებს! -
- მიხვდი - ყაჩაღო, მე - ქართველი ვარ!!!
ვეღარ მომიჭერ რკინის მარწუხებს!
და, თუ ერთხელაც გაბედა მტერმა,
კვლავ დაარღვიოს ჩვენი უფლება -
გამარჯვებული იბერიელი -
- მშვიდობას ძეგლად კვლავ -
- დაუდგება! -
28.07.12.
USA - Oleg Frish
დედას ბინაში, სადაც ვცხოვრობდით, გაისმა ტელეფონის ზარი. უპასუხეთ ამერიკას! ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ და შემდეგ განვაგრძობ...
მოსკოვში ჩემი ქმრის ოჯახში ვცხოვრობ. მირეკავს ახალგაზრდა მომავალი ჟურნალისტი და მთხოვს ინტერვიუ მივცე, რადგან ჩემი ხელოვნების თემა სადიპლომოდ აირჩია. მე დავთანხმდი... ასე დავმეგობრდით.
გავიდა წლები. მე საქართველოში დავბრუნდი. დედის გარდაცვალების შემდეგ მის ბინაში ვცხოვრობ.
ვაგრძელებ. ახლა დავთვალე - 20 წლის შემდეგ. მირეკავს ის ჟურნალისტი და ამერიკაში მეპატიჟება. ეს ის დროა, როცა 4 წელია, რაც თბილისური ქარიშხალი ნელ-ნელა ძალას კარგავს, მაგრამ ქუჩებში მანქანის ბორბლების კოცონი ჯერ კიდევ ანთია და მხიარულება უდაბნოში ჩაქრა. ჩემმა სიძემ სადღაც ერთი ტომარა ბრინჯი იშოვნა და ხან ვხარშავდით, ხან ვალბობდით და ბლინებს ვაკეთებდით. მოკლედ, ჯერ პურის წიგნაკები, მთავარ როლში გვევლინებოდა დილას გამთენია, რიგს თუ არ დაიკავებდი უპუროდ დარჩებოდი.
ჰოდა, გამომეცნაურა ამერიკელი ოლეგი. ძლივს აღვიდგინე ჩვენი გაცნობა. ყურმილში ჩემი ძველი ჩანაწერი ჩამირთო, სიხარულისგან თითქოს გავაფრინე. ეს უფლის საჩუქარი იყო ასეთ მძიმე დროს! ლაპარაკში ჩანდა, რომ ჩვენს ამბებზე ყველაფერი იცოდა და ეტყობოდა ჩემი შველა უნდოდა. 
1995 წელს გავემგზავრეთ მე და ჩემი პატარა პუდელი უიტნი ჰიუსტონი. როცა კენედის სახელობის აეროპორტში ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ჩამოვედით. უიტნი თავის მყუდრო დროებით სახლთან ერთად დამიბრუნეს. უბეში მეჯდა, როცა ზორბა ზანგ ქალს პასპორტი მივაწოდე, უიტნის მიაქცია ყურადღება. რა ჰქვია შენს ძაღლსო? უიტნის საბუთები გავუწოდე - „უიტნი“ - ხმამაღლა ვუპასუხე. გაგიჟდა, ყველას დაუძახა. This is Whitney... შემოგვესივნენ, ეფერებოდნენ. მოკლედ, ისე შევცურდით ამერიკაში, ჩვენი ჩემოდანი არ შეუხსნიათ. კიდევ კარგი, შეფუთული ქართული 1 ბ. კონიაკი მიმქონდა ოლეგისთვის.
ბოლო კბილებამდე გაღიმებული, ხელებგაშლილი ოლეგი შემეგება. უკვე კაცი იყო, თმებიც გასცვენოდა... ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ოლეგის მასპინძლობის შესახებ, შემდეგ ამოიკითხავთ ჩემს წიგნში.
„ქალი ლეგენდა“
„გიული ჩოხელი - ქალი ლეგენდა - ასე უწოდეს მას აშშ-ში. მას ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებითა და სიყვარულით უსმენდა მუსიკალური ელიტა. ქალბატონმა გიულიმ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, საფუძველი ჩაუყარა ჯაზურ მუსიკას და გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც „რევოლუცია“ მოახდინა, ეგრეთწოდებულ, კომერციულ მუსიკალურ სამყაროში.
ძლიერი, მებრძოლი, ამაყი, შეუპოვარი გიული ჩოხელი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის საქართველოს სახალხო არტისტის, ელენე (ელიკო) ჩოხელის ქალიშვილია, რომლისგანაც მემკვიდრეობით მუსიკის სიყვარული ერგო. ბედმა უხვად ნიჭით დააჯილდოვა დიდი ჯაზმენი.
მან 60-იან წლებში საბჭოთა ესტრადა თავდაყირა დააყენა. და თავისი თამამი, დახვეწილი სტილით, თანამედროვე მუსიკალური სამყარო შეცვალა. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, მუსკონცერტის მოწვევით, თითქმის 40 წელიწადი გასტროლებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. სოპოტის საერთაშორისო სიმღერების პრიზიორი, როგორც პოლონეტის პრესა გვაუწყებს, ევროპის საუკეთესო მომღერლების ხუთეულში შედიოდა. მოსკოვის, ტალინის, პრაღის ჯაზ-ფესტივალების გამარჯვებულს წარმატება და დიდება არ მოჰკლებია. თუმცა იყო დავიწყების ხანაც... რომელსაც კვლავ გახსენება და აღიარება მოჰყვა. 2000 წელს, გიული ჩოხელი კარნეგი ჰოლში, საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს.
ამჟამად, ჯაზის ამსახველ ხელნაწერებზე მუშაობს. გატაცებულია რეჟისურით, რუსულენოვან ჟურნალ „დიდ ვაშინგტონში“ თანამშრომლობით.
ქალბატონი გიული ჯაზით ცხოვრობს, ის მისი „სულის გაზაფხულია“. სტკივა საქართველოსა და თბილისის ტკივილი და ცდილობს, ყოფიერებასთან ჭიდილში იცხოვროს ისე, რომ ხელოვნების მარადიულობა მუდამ მისი ცხოვრების ლაიტმოტივად დარჩეს. 
გიული ჩოხელთან შეხვედრისას სურვილი ბავშვობიდან მქონდა. ამჟამად ეს შესაძლებლობა მომეცა და ჩვენი საუბარი შედგა.“
„აღსარება“
დღეს მეგობრობა ყავარჯენზე დგას,
შურის გრძნობას ღალატი ახლავს!
თუ კარგადა ხარ, გვერდს დაგიმშვენებს,
მას ანგარება მართავს.
რად დაიმალე, მე ვეღარ გხედავ!
აღარ მეგობრობ ჩემთან?!
მე გულში წყენას არ დავიტოვებ,
დროის მანქანას მივყავარ ღმერთთან!
ჩემი მუსიკა ჯაზის ჰანგს უმღერს,
უამრავი მყავს სიმრერის ფანი.
შენ დაგაკლდები - მე რომ დამკარგე,
ჩვენს მეგობრობას წაიღებს ქარი.
ალბათ, შეგშურდა ჩემი სიმღერა,
აუგით შეაქე... ჰანგი, სარელი,
ვერ გადახარშე ჩემი ზიემი,
შურია შენი მმართველი...
შენ ვეღარ იტან ჩემს 
გამარჯვებას,
ჩემს წინსვლას არ აღიარებ.
დრო რომ ჩაივლის მიხვდები ვინ ვარ...
შემდეგ შენს ღალატს მწარედ 
ინანებ!
ჩემი ცხოვრება ჯაზია - ჯაზი!
ნოტები ჩქარა გარბიან 
მწკრივში...
გამორჩეული მომღერალი 
ვარ,
ვერ ჩამაყენებ სულ 
ბოლო რიგში!
პ.ს. გამორჩეული მომღერალი ვარ,
ვერ ჩამაყენებთ საერთო რიგში!
(გიული ჩოხელი
08.05.2013)
1995 წელს ამერიკაში დავიწყე პოლიეთილენის პარკებით კომპოზიციების შექმნა 10 თვის განმავლობაში. მეგობრებმა არ გამომიშვეს. მატარებდნენ გალა-კონცერტებზე, კაფე-ბარებში, სადაც ჯაზის ვარსკვლავები მღეროდნენ და უკრავდნენ. უამრავი საჩუქარი მომიძღვნეს ებრაელმა ფანებმა. “Вы певица нашей молодости! Мы любим вас и ваши песни!”
კარადაში შეყრილი საჩუქრების ფერადი პარკები გახდა ჩემი მუზა. ჩემს მეგობარ ოლეგს ვთხოვე რამდენიმე დღე ჩემთვის არ მოეკითხა. მარტო მინდოდა ყოფნა. ვგლეჯდი და ვწელავდი ცელოფნის პარკებს და იატაკზე ვაწყობდი კომპოზიციებს. ვიფიქრე, მოდი, დავაწებებ ამ მასალას რამეზე. დავიწყე პატრონის სხვენში მასალის ძებნა. აღმოვაჩინე მიტოვებული ყუთები, კარდონები, ფანჯრის შუშები. მოკლედ, ეს ყველაფერი არა სჭირდებოდათ. გაკვირვებულები იყვნენ, ნეტა რად გინდოდათო... მოკლედ, დავიწყე ვოიაჟი სამშენებლო მაღაზიებში - წებოს ვეძებდით. ვსინჯე, მაგრამ არ გამომადგა. ვნერვიულობდი, არ ვისვენებდი, მთლიანად გადავერთე ამ საქმეზე და როგორც იქნა ჯიუტი ცელოფანი დამნებდა და საათობით ვიჯექი ნამუშევრების წინ და ახალ-ახალი ხედვა შემქონდა კომპოზიციებში. 10 დღე არ ვეხმაურებოდი მეგობრებს. ვთხოვდი, ცოტა ხნით დაევიწყებინათ ჩემი იქ ყოფნა. სახლის პატრონი გადაირია, ჩემთან რომ შემოვიდა...მეორე დღეს რამდენიმე ძველი ჩარჩო მომიტანა, კარდონები ზომაზე დავჭერი და ნამუშევრები ჩარჩოებს მივუსადაგე. მოკლედ, 10 თვის განმავლობაში 100 ნამუშევარი შევქმენი. ოლეგმა ცოხოში მიმიყვანა. იქ გამაცნო მესაკუთრე, გალერიის მფლობელი - მხატვარი და ჩემთსან მოიყვანა კანადელი ემიგრანტი - ამერიკელი. გადაირია, თქვენ პირველი ქალი ხართ, ვინც ამ მასალით ეს საოცრება შექმენით. ცელოფანი ქვეყნის მტერია, რომელმაც თავი მოგვაბეზრაო... და თქვენ ასეთი ხედვით შემაყვარეთ ეს მასალაო.
მოაწყო გამოფენა თავის გალერეაში. მოვიდნენ ჩემი მეგობრები, მხატვრის მეგობრები, მოკლედ, მოეწონათ, განცვიფრდნენ. ნუთუ საღებავს არა ხმარობთო.
ძალიან ბედნიერი ვიყავი. 
მსახიობის პორტრეტთან დიდხანს იდგნენ. ხან მიუახლოვდებოდნენ, ხან დისტანციას იჭერდნენ და ხმამაღლა გამოხატავდნენ აღტაცებას. როცა გამოფენა დამთავრდა და ნამუშევრები ავტოში მოათავსეს, სათვალავში ერთი ნამუშევარი დამაკლდა. ეს აღმოჩნდა მსახიობის პორტრეტი. ნეტა ვის უნდა წაეღო?! დავფიქრდი და ბიჭებს ვუთხარი, ნახატები გალერეაში დააბრუნეთ და ჩამოკიდეთ-მეთქი. მხრებს იჩეჩავდნენ, მაგრამ ჩემი თხოვნა შეასრულეს. ამ დროს მხატვარი ჩვენთან არ იყო. მანქანა რომ დაიცალა მეც შევედი გალერეაში. გაოგნებული მხატვარი ყველას ეკითხებოდა, რა მოხდაო. მე გადავეხვიე და ვაკოცე. ეს ჩემი საჩუქარია მადლობისა და დიდი სიყვარულისა თქვენი სიკეთის მიმართ, გჩუქნით! ცრემლები წამოუვიდა... მე დავაწყნარე, ორთავემ ვიცოდით, რომ მსახიობის პორტრეტი, რომელშიც შეყვარებული იყო, მან ჩამოხსნა. ახლა როცა დიდი დრო გავიდა, გამოფენის ამბებს მატყობინებს. ჩემი ნამუშევრები საუკუნეს გაუძლებს, თუ შუშაში იქნა დაცული. არც ფერს დაკარგავს, როგორც ეს ფერწერაში ხდება, და არც თავის ღირებულებას. ეს ისევ ჩემი უჩვეულო ხელოვნებაა.
ისევ თბილისი
ბნელ გზებზე ბევრი ვიარე,
დაუღალავი რწმენითა...
ისევ შენთან ვარ - თბილისო,
დავბრუნდი - ფრენა-ფრენითა...
ჩემო თბილისო, - შენი შვილი ვარ,
ლექსებს მოგიძღვნი კვლავ სიმღერითა,
გიმზერ, და, ვეღარ გავძეხი -
- მაგ სილამაზის ცქერითა...
აქ, დავამთავრებ სიცოცხლეს,
დაგიდასტურებ - ფიცითა...
ყველასგან გამოირჩევი
შენ ჯადოსნური ხიბლითა...
ერთხელ თუ ვინმემ გიხილა,
გული აევსო ვნებითა,
ყოველთვის გიხსნის სიყვარულს,
დაუღალავი - ქებითა.
ჩემო თბილისო! - შენი შვილი ვარ!
ლექსებს მოგიძღვნი კვლავ სიმღერითა,
გიმზერ, და ვეღარ გავძეხი,
მაგ სილამაზის ცქერითა.
ძლიერ მიყვარხარ - თბილისო!
"გულში და სულში მიზიხარ"
ვერასდროს ვერ დაგშორდები
- შენ - ჩემი გულის ცემა ხარ!!!
23.08.12.
გამოგიტყდებით, მქონდა ეშმაკის ცდუნება, დავრჩე ამერიკაში, სხვის ქვეყანაში?! ჩემს სამშობლოში არეულობაა. მძიმე ცხოვრებაა... ვორჭოფობდი. აქ ყველა მეფერებოდა, მაქებდა, უამრავი მეგობარი შევიძინე. ჩემი ნამუშევრები მოეწონათ. ოლეგი თავის სახლს სანაპიროზე - თავის პატარა აგარაკს მითმობდა, დარჩიო... უნდა ითქვას, როცა არც ერთ ადამიანს არ უთქვამს, არ უკითხავს და არ შუხსენებია, რომ ამ დროს ჩემს სამშობლოში დიდი გაუგებრობა და კატაკლიზმები ხდება.
პირიქით, ყველაფერი იღონეს, რომ მე ჩემი ღრმა დარდი დამევიწყებინა. როგორც ხშირად ხდება, სევდამ დაიპყრო ჩემი გული... წუხელის სიზმარში დედა ვნახე. კარი შემოაღო დედამ და გვერდით ბიძაჩემი ვანო - დედაჩემის უფროსი ძმა ედგა. ხმა არ ამოუღიათ. დადუმებულან... მხოლოდ დედამ თავი შუმჩნევლად აამოძრავა - საყვედურის ნიშნად. უთენია წამოვხტი და ზარი შემოვკარი - სახლში მინდა, სახლში მინდა-მეთქი.
ბარგს ვაგროვებდი, ვემზადებოდი. თენგიზ სულხანიშვილს დავურეკე, მან მიშველა და ჩამსვა თვითმფრინავში თბილისისკენ... სულ ეს მიტრიალებდა თავში. ჩემი მეგობრებისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. მოულოდნელი განშორება.
ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის. ჩემი ფირფიტა CD გამოუშვეს. 200 ცალი ეგზემპლარი მომიძღვნეს. მე კი მთლიანი უფლება მივეცი, გაეყიდათ და რამდენიმე ხელახლა დაებეჭდათ და ისევ გაეყიდათ.
მე ისე არ დამტოვებენ! 
„ტალინის ჯაზ-ფესტივალი“
მე და ჩემი მეუღლე ბორისი, და მისი ტრიო სოპოტის შემდეგ ტალინის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე მიგვიწვიეს. მე მსურს დაწვრილებით მოგიყვეთ ამის შესახებ. ტალინში კარგად მომზადებულები ჩავედით, როგორც რეპერტუარით, ასევე ჩაცმულობით.
ჩემი რეპერტუარი შედგებოდა: სემ კისლოუს „მისტერ პაგანინი“, ნუნუ დუღაშვილის „ჯაზ-ბალადა“, და გერშვინის „მომხიბვლელი რითმი“. რა საკვირველია, მომეცემა იმპროვიზაციის საშუალებაც. ზაპასში მქონდა ჯემსეიშენისთვის “Its too damn hot”, “Goody, goody” და სხვა. 
ფეშენებელურ სასტუმროში დაგვასახლეს. ულამაზესი ქალაქია, ნამდვილი ევროპა. ქუჩებში სიწყნარე, ქვაფენილები, ულამაზესი ძველი სახლების სახურავები, კაფეები, მომსახურება და კეთილი ხალხი. ეს ფესტივალი იყო მთლიანად ქალაქის ფესტივალი. ჯაზი ქუჩებშიც ისმოდა. დიქსილენდი, მუსიკა მრავალფეროვანი, მორთულობები, ცეკვა... ქალაქის ქუჩებში დადიოდა. 
მთელი ქალაქი ტალინი ჯაზით ცხოვრობდა. ქუჩა ზეიმობდა. დიდი სიყვარულით გვხვდებოდნენ. ყველაფერი მზად იყო, რათა ფესტივალი დაწყებულიყო. როცა მივუახლოვდით სპორტ ჰოლს, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, რას ვხედავთ! გაგვიკვირდა! საზღვარგარეთელი მუსიკოსები, შემსრულებლები და ჯაზ-კლუბის ხელმძღვანელი რაღაცაზე თათბირობდნენ. 
ჩარლზ ლოიდის კვარტეტი. Willis Conover. მათი იმპრესარიო თბილისელი ჯორჯ ავაკიანი, პოლონელი ნამისლოვსკ ALT-X. ჩვენ - მე, ბორისი და ტრიო., დიკსელენგი - ლენინგრადის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დიდხანს ვიდექით შესასვლელ კართან. შიგნით USA ჩარლზ ლოიდი და მისი მუსიკოსები არ შედიან დარბაზში რადგან ამერიკის დროშის აწევა არ შეიძლებოდა. საშინელი წვიმა დაიწყო. ჩვენც მათთან ვდგავართ, სოლიდარობას გამოვხატავთ. გავიწუწეთ, მუსიკოსების ინსტრუმენტები Drums წვიმაშია. ესენი კი, იქვე იყო კალათბურთის მოედანი და ჩარლზი და მისი მუსიკოსები ასევე სხვა უცხოელი მუსიკოსები კალათბურთს თამაშობდნენ გაწუწულები.
ეს შეშინებული ჯაზ-კლუბის ხემძღვანელი, აქეთ-იქით დარბის, თურმე ანდროპოვს ურეკავენ, და არის ერთი ამბავი... პრიბალტიკის მთავრობა დროშის აწევის შესახებ რუსეთის მთავრობას ურეკავს და ეკითხება - შეიძლება თუ არა ამერიკის დროშა ავწიოთო. 
გავიხედოთ, თავქუდმოგლეჯილი ჯაზ-კლუბის მოხელე მორბის ხელების ქნევით - უფლება მოგვცა ანდროპოვმა, ასწიეთ ამერიკის დროშაო! აბა, ატყდა ჟივილ-ხივილი, რადგან მაყურებელი, მსმენელი, ჯაზის ფანებიც კარში ელოდებოდნენ პასუხს და შევლაგდით დარბაზში. 
ღელვამ ამიტანა. ჩემთვის ეს პირველი ჯაზ-ფესტივალი იყო. წარმოვიდგინე ჩემი თავი. მე, სვანეთის უბანი, ჩემი ბავშვობა, ლობიოზე გაზრდილი საშინელ დროს, საშინელი გაჭირვების მნახველი დღეს აქ ვარ. 
ჯაზ-ფეტსივალზე გამახსენდა, ჩემს კლასში ერთი მაღალჩინოსანი სამხედროს შვილი ოქტომბრინა სწავლობდა. მარტო იმასა ჰქონდა ლაკის ფეხსაცმელი. ჩვენ რიგ-რიგობით ვთხოულობდით მისგან ფეხსაცმელს, როცა ოპერაში მივდიოდით. 
ჯაზი გახურდა. ჩარლზ ლოიდია სცენაზე. გენიალური ლამაზი შავკანიანი... დარბაზი გრიალებს იმპროვიზაციის დროს. 
ჩვემი დროც დადგა. ძალიან ვღელავ, თავბრუ მეხვის. ბორისი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა: Давай Гюлиша как в Сопоте! ეს იყო და გამომაცხადეს - მე, ბორისი და ტრიო, სოლისტი Гюли Чохэли. დარბაზი დაინგრა. სოპოტმა მიშველა - ამ ფესტივალს ხომ მთელი ევროპა უსმენდა და უყურებდა. ვიგრძენი მხრებიდან ფრთები როგორ მეზრდებოდა. დავიწყე და დავიწყე! ღრუბლებში წავედი. მივქროდი მუსიკის უსაზღვრო სივრცეში. ამბობენ, ფესტივალის მსვლელობის დროს ლოიდის შემდეგ Willis Conover დარბაზიდან გავიდა, ალბათ, მოსწყინდა... გიულიმ რომ დაიწყო სიმღერა, დარბაზში დაბრუნდა და ბოლომდე მოუსმინაო. დარბაზი გრიალებდა. 
სცენაზეა პოლონელი ნამისლოვსკი. უნიჭიერესი მუსიკოსი ALT-X. უცებ ჩოჩქოლი ატყდა, ნამისლოვსკის იმპროვიზაციის დროს მსმენელ ჯაზ-ფან ქალს გული წაუვიდა და ხალხში გადმოვარდა. აი რა არის ნამდვილი მუსიკა - ჯაზი და ჯაზი. 
მე და ჩემი ქმარი სახლში ვართ, მოსკოვში. ზარმა დარეკა. გიული, დედა არისო. ავღე ყურმილი და მისალმებაც ვერ მოვასწარი. „შვილო, ცოცხალი ხარ? ხო არ დაგიჭირეს, სიმართლე მითხარიო!“ თურმე Willis Conover-მა ამერიკის ხმის ეთერში ჩემი სამი ჯაზ-კომპოზიცია ტალინის ფესტივალზე რომ ვიმღერე, კომენტარებით გადმოსცა. დედა ტროლეიბუსში იჯდა, თეატრში მიემგზავრებოდა და ვიღაცა ქალმა უთხრა, გიული ამერიკის ხმამ გადმოსცაო - ეგონა გაახარებდა... ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ დანაშაული იყო თუ ამერიკის ხმა თქვენ მოგაქცევდათ ყურადღებას. შეიძლება შპიონადაც ჩაეთვალეთ, გადავრჩი!
”მკვლელობის მცდელობა“
                მუხიანის ტრაგედია
იყო პერიოდი, როცა დავიღალე სოლო კონცერტებით და გადავწყვიტე ერთწლიანი შესვენება გამომეცხადებინა. ჩემს ადმინისტრატორს წინასწარ ჰქონდა ჩემი კონცერტები დაგეგმილი სხვადასხვა ქალაქებში და იქაური ადმინისტრაცია ჩემს რეკლამას უკვე ელოდებოდა. 
დედამ იცოდა, რომ მე ძალიან მინდოდა რაიმე შემეძინა სოფლად ან თბილისის გარე უბანში. გაირკვა, რომ ერთ თეატრის მსახიობს მუხიანის დაჩებზე ჰქონდა აგარაკი და იმან მოგვცა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ტელეფონის ნომერი. 
მოკლედ, შევიძინე მიწა და დანგრეული ძველი ქოხი, რომლის გაცოცხლება შესაძლებელი იყო. მინდოდა იქ, სიჩუმეში, ბუნებაში, რომელიც მე სიგიჟემდე მიყვარს, წიგნი მეწერა - ჩემი მოგონებები. ეს აზრი არ მასვენებდა. მოზღვავებული მქონდა ცხოვრებისა და შემოქმედების შთაბეჭდილებები: შეხვედრები, ფესტივალები, და სხვა და სხვა, ქმართან განშორება და ცხოვრების კატაკლიზმები. 
მუხიანის სახლში დაიწყო რემონტი. ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა უსასყიდლოდ ბუხრის შენება დაიწყო. ხის მასალით ავაწყვეთ ხის ფიცრების კიბე და მანსარდაზე ასვლა იყო შესაძლებელი. ბუხარი მხოლოდ პირველი სართულის ჭერამდე იყო ამოსული. კედლების გაჯით შელესვა დაგვჭირდა. სცენიდან ჩამოსული მომღერლისთვის ლესვა და გაჯი აღმოჩენა იყო, მისი შოვნა კი - პრობლემა. მირჩიეს აეროპორტის გზაზე ”პეპელა” არისო და იქ სამშენებლო მასალები იყიდებაო. 
ხომ იცით, რა ტიპი ვარ - იდეა იმ წუთში მიმაქროლებს ასრულებისკენ. ვერაფერი ვერ შემაჩერებს, ჰოდა, დავიქოქე. ჩემი რიჟა ზაპოროჟეცმა მიმაქროლა ”პეპელაში”. მიმასწავლეს. კაბინეტში შევედი. დირექტორი ზის. შემომხედა და პაუზა დაიჭირა. მე ჩავერთე. „ბატონო, გაჯი მჭირდება, გთხოვთ, დამეხმარეთ. შემდეგ წარვუდგინე თავი - მე გიული ჩოხელი ვარ!“
დირექტორი პატარა ტანის ჩაკუნთული კაცი, ფეხზე წამომიდგა, ხელი გამომიწოდა. „მე გაიოზ ჯეჯელავა ვარო!“ ფეხბურთელი - შევკივლე მე! დიახ, ფეხბურთელიო. 
„ზაქრო, მანქანა დატვირთე, ქალბატონს გაჯი უნდა, ოღონდ ტომარაშიო...“
ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, დიდხანს ვისაუბრეთ. ბევრ საინტერესო ამბავს მომიყვა. მოსკოვის ЦСКА-ში რომ თამაშობდა, სტალინის შვილთან Васька-სთან მეგობრობდა, მოკლედ, დავმეგობრდით. მასში ახალგაზრდა სული ჩქეფდა... მომეწონა - პიროვნება იყო მზად ამის - მითხრა.
გარეთ, მანქანისკენ რომ გავიხედე, გული გამისკდა. მანქანა გატენილი იყო გაჯით. ფული არავითარ შემთხვევაში არ გამომართვა. მიიყვანე სადაც გეტყვისო...
მე სულ ხუთი ტომარა მჭირდება და ამდენს რა ვუყო ბ-ნო გაიოზ? დაარიგეო...
მართლაც, გაჯს გზადაგზა არიგებდა მუშა, რომელიც გაიოზმა გამოგვაყოლა. თითქმის ყოველი სახლის ჭიშკართან გაჯი დავტოვეთ. 
ათი ტომარა დავიტოვე, ყოველი შემთხვევისთვის. ამივიყვანე მლესავი და დაიწყო ლესვა. ორი დღე იმუშავა კარგად. მესამე დღს ჩემი ზაპოთი ამოვედით რომ გაგვეგრძელებინა სამუშაო და რასა ვხედავთ - არც ერთი ტომარა აღარ დაგვხვდა. იქაურმა მიგვასწავლა, ვინც წაიღო გაჯი. ჩვენც მივედით იმ პიროვნებასთან. გამოვიდა ძალიან მაღალი წარბაწეული, მსხვილი, ლოთი, წითური კაცი. მე არაფერი წამიღია და სანანებლად გაგიხდებათო. მართლაც ამიხდინა დანაპირები. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. აგარაკზე ავედი და ვარდებს მოვუარე, ცოტა თოხნაც დავიწყე, ვიფიქრე, ბაღს მაინც მოვუვლი და, ჯანდაბას, გაჯის მეორე და მესამე პირის გალესვა აღარ მჭირდებოდა. ახლა ვწერ და თვალწინ მიდგას ეს საშინელება. 
ზაპო ეზოში დგას. შებინდება დაიწყო. ამ მთიდან სჩანდა თბილისში როგორ მოძრაობდნენ მანქანები. მე მეცვა სარაფანი, მუშაობის დროს ლიფი მიშლიდა ხელს და ჩანთაში ჩავდე, ვიფიქრე, მერე რომ მანქანაში ჩავჯდები... ვემზადები, ვარ მეორე სართულზე. უცებ შემომესმა ხმაური. ვიღაცა ბრახუნით და გინებით ამოდის კიბეზე. ვინ ხარ? შევყვირე. ვერ მოვასწარი გაცნობიერება, რომ კბილებში მომხვდა მოქნეული ნაჯახის ტარი. ვიკივლე, სისხლი, მოფამფალებული წინა ორი კბილი. ”დღეს მოგკლავ და შენს თავს ღორებს შევაჭმევო.” გამომიქნია ნაჯახი და თავში მარცხენა მხარეს ჩამარტყა ნაჯახის პირი. თქრიალით მომდიოდა სისხლი, ვემუდარებოდი - ”არ მომკლა, აი, ეს ბეჭედი, შენი იყოს! რაც გინდა... გინდა ეს აქაურობაც შენი იყოს?”
მოკლედ, რატომღაც ჩემკენ ზურგით მიტრიალდა, ალბათ, შეეშინდა სისხლი თქრიალით რომ მომდიოდა. დრო ვიხელთე და არ ვიცი გავფრინდი თუ ჩემმა მფარველმა ანგელოზმა ხელი მკრა და ბუხრის დაუმთავრებელ განიერ მილში ჩავცურდი, ტუალეტის უკანა კედელს მივეკარი, ჩემ უკან ზაბორის სეტკაა, წინ კი - ფიცრის კედელი და ორმო. მკვლელი წინ და უკან დარბის, გინებით მეძებს. მე გატრუნული ვარ, სუნთქვას კი შევწყვიტე. ჭიშკრიდან გავარდა, მეძებს. ყვირის - მაინც გიპოვნიო. უკვე დაბნელდა. გონებას მოვუხმე, გავმაგრდი და გადავძვერი სეტკაზე. გზაზე დავეშვი სირბილით. სულ პირდაპირ ვირბინე გაუჩერებლივ და გზაზე აღმოვჩნდი. მანქანებს ვაჩერებ, არავინ მიჩერებს. დასისხლიანებული ვარ, სახეც კი არ მიჩანს, ფერშცვლილია. ქოშები გზაზე გადავყარე, ვერ მოვრბოდი. ბოლოს ერთმა მოსკვიჩმა გამიჩერა - გიული ჩოხელი ვარ, მიშველეთ, გთხოვთ, ჩემს აგარაკზე მკვლელი დამესხა თავს. ვტირი. წარმოიდგინეთ, ღამე დაჩებიდან დასისხლიანებული კახპა ითხოვს შველას. ალბათ, მძღოლებს ასე ეგონათ და იმიტომ არა მშველოდნენ. გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი კაცი და საავადმყოფოში მიმიყვანა. 
6 სმ ნაკერი დამადეს. გადარჩენილხარ, ის საფეთქელში გიმიზნებდა და სიბნელემ გიშველაო. ბუხარი რომ ყოფილიყო დამთავრებული და მილი სახურავამდე ამოსული, მე არა მექნებოდა გასაქანი. მეორე დილას გაგიჟებული დედა და მეზობელი საავადმყოფოში მოვიდნენ. მე რომ მიმიყვანეს საავადმყოფოში, პოლიციამ მისამართი, ტელეფონის ნომერი, და ვინაობა დააზუსტა. ჩემი საბუთები და ლიფი ჩემს ჩანთაში დარჩა. ფული არა მქონდა. ჩანთა გადაგდებული იპოვნეს, მანქანის გასაღებიც და მანქანაც ჩამომიყვანეს. 
მეორე დილას მკვლელი აბაშიძე კაიფში მუხიანის ბაღის სკამზე იყო წამოწოლილი, ეტყობა გამოიქცა დასამალად. აიყვანეს და რვა წელი მიარჭვეს. ამ მოქმედებით ეს მკვლელი ისტორიაში შევიდა, აფერუმ!
პ.ს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მე ის ადგილი მივატოვე. გავანადგურე მესაკუთრის საბუთები და დავივიწყე ეს საშინელი თავგადასავალი. ალბათ, ვინმე უსახლკარომ, ან გაჭირვებულმა დაიკავა ის ადგილი, ის სახლი. იმ დროს მე პირველ არხზე ვმუშაობდი. პირველი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ”მეორედ დაბადება” გადავიღე ერეკლე ჯაბადარზე. მოამბეში მუშაობდა ვინმე აბაშიძე. ერთხელ მე მას ვკითხე, ის (მკვლელი) აბაშიძე მუხიანში რომ ცხოვრობს შენი ნათესავი ხომ არ არის-მეთქი? შორეულიაო...
მაშინ ეჭვი გამიჩნდა, ეს ყველაფერი გაჯმა ხომ არ დააჩქარა?
წიგნში იქნება ფოტოები, რეცენზიები და ჩემი CD - საჩუქრად ლექსები.
მოსკოვი - პირველი ჯაზ-ფესტივალი
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე - 
კომპოზიტორი მურადელი
მე, ჩემი მეუღლე და მისი ტრიო კომპოზიტორთა კავშირმა მიგვიწვია 1958 წლის ჯაზ-ფესტივალზე. მთელი დღეების განმავლობაში როიალს არ ვშორდებოდით. ვარჩევდით ჯაზ-სიმღერებს, კომპოზციებს. მუშაობის დროს მე დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბორისი შესანიშნავი პიანისტი იყო. ის შესანიშნავად ფლობდა კლასიკურ ჯაზს. მუსიკით ვსუნთქავდით, ჩვენი სიცოცხლისა და სულის მუსიკა იყო. 
ჩვენ კი არ ვმუშაობდით, არამედ რეპერტუარის არჩევაში ბოლოს და ბოლოს ავარჩიე “O, love me”, “Mister Paganini”, და “It’s very clear”. ბორისმა მირჩია, ეს უფრო ნაცნობი სიმღერებია და წარმატებას მოგიტანსო. მე შევთავაზე ჩაპლინის „Smile“. ორივეს ძალიან გვიყვარდა. ეს ბოლოს იმღერე, თუ დიდი აპლოდისმენტები გექნებაო. ჩემს გამოსვლამდე ბორისის ტრიო შეასრულებდა ორ კომპოზიციას ოსკარის რეპერტუარიდან, თავისი იმპროვიზაციებით. 
ფესტივალის დღეც მოვიდა. ჩვენ, როგორც შემსრულებლები, აგრეთვე ფეტსივალის მსმენელებიც ვიყავით. იმ დროს ჯაზი იატაკქვეშეთ ვითარდებოდა. საკვირველი ის იყო, რომ იმდენი ჯგუფი ჩამოვიდა, რომ ფეტსივალი 15-20 დღეს გაგრძლდა თავისი ჯემ-სეიშენით. მუსიკოსები და ფანები მთელი კავშირიდან ჩამოვიდნენ: ლენინგრადიდან (პეტერბურგიდან), საუკეთესო ბენდები მონაწილეობდნენ. ჩემი აღტაცება დაიმსახურა ვაინშტეინის ბიგ ბენდმა - ამერიკელებს არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხრუშოვმა და შემდეგ ანდროპოვმა ცოტა ამოასუნთქა ეს მუსიკა. ყველგან დაიწყო ეს მოძრაობა. იმ დროს მე და ბორისი იატაკვეშეთში, პატარ-პატარა ჯაზ-კლუბებში ვიღებდით მონაწილეობას. მოდერნ ჯაზ კვარტეტმა ხომ ჯაჭვები შეუხსნა ჯაზის მუსიკოსებს. მოსკოვში ჯაზ-კლუბი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ალბათ გამოსყიდვა უნდოდათ, როცა გენიოსი ოსკარ პეტერსონი მოსკოვმა გააბრუნა. მან პრიბალტიკაში გამართა კონცერტი. ვის დააკლდა?!
მოსკოვის ჯაზ-ელიტა კარგად გვიცნობდა. როცა წამყვანმა გამოგვაცხადა, მსმენელი თბილი ტაშით შეგვხვდა... ბორისის იმპროვიზაციებს მქუხარე ტაშით აჯილდოვებდნენ. 
დარბაზის შუაგულში ჟიურის თავი - კომპოზიტორი მურადელი იჯდა. შემაშინა მისმა უკმაყოფილო სახის მიმიკამ. სახეზე ეწერა: ამან რა უნდა იმღეროსო?! მხოლოდ ეს წავიკითხე გაყინულ სახეზე.
„აბა შენ იცი,“ შემოვკარი საკუთარ თავს მათრახი... და დავიწყე. დარბაზმა მქუხარე ტაში შემოჰკრა. აი, სწორედ ამან მომცა დიდი ძალა, შემართება, იმპროვიზაცია გავანელე და მეც გავფრინდი... მესამე სიმღერა იყო მისტერ პაგანინი. შუა იმპროვიზაციის დროს მურადელმა ტაში შემოჰკრა, წამოხტა და სრულ სიჩუმეში (მსმენელის სიჩუმე მაქვს მხედველობაში - ისინი ყურადღებით მისმენდნენ), ტაში შემოჰკრა და დაიყვირა - Хватит, хватит, хватит! 
ჩვენ შეშინებულები სახტად დავრჩით. შევწყვიტეთ გამოსვლა და სახლში წავედით. დარბაზი ნახევარი საათის განმავლობაში პროტესტს ფეხების ბრახუნით გამოხატავდა და შეძახილებს ჩვენს სახელებს სკანდირებდა. იმ დღეს ფესტივალის პირველი დღე ჩაიშალა, „დიდმა“ კომპოზიტორმა ჟიურის ტავმჯდომარის არენა დატოვა. დარბაზი ყვიროდა Далой Мурадели! ფესტივალი მურადელის გარეშე დიდი წარმატებით დასრულდა. ფესტივალის ლაურეატები გავხდით და დახურვის გალა-კონცერტში სამივე სიმღერა და ბორისის კომპოზიციები შევასრულე. ის საღამო იყო ქალაქის სენსაცია.
პ.ს. სხვათაშორის, იმ ვითომ „კომპოზიტორს“ ქართველობაზე ჰქონდა პრეტენზია, თბილისში ცხოვრობდა ახალგაზრდობაში. მხოლოდ ერთი ნაწარმოებით იყო რუსეთში ცნობილი: „Контата о Ленине.“ და საბჭოთა წყობის „დიდებას“ ეძღვნებოდა მისი მუსიკა.
ნეტა ვინ დასვა ჯაზ-ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ?
ალბათ „ლენინმა“.
გასტროლების დროს ჩვენ გზადაგზა აღმოჩენებს ვაკეთებდით. სხვადასხვა ქალაქში ჩვენთან მოდიოდნენ მუსიკოსები. ყველაზე დიდი აღმოჩენა სევასტოპოლში მოხდა. გასტროლებზე სოლო კონცერტებით ჩავედით, ბიგ ბენდი „ჩანგი“ თან გვახლდა. მოვიდა ვალოდია პრესნიაკოვი. Alt-x-ფონისტი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მართალია, ის უფრო ჯაზ-როკისკენ იხრებოდა, მაგრამ მისი დაკვრის მანერა და იმპროვიზაცია ძალიან უხდებოდა ბენდს. როცა ის სოლოს უკრავდა, კულისები იტენებოდა მომსახურე პერსონალით. მე კი არც ერთი მისი სოლო არ გამიცდენია, მივიჩქაროდი საგრიმიოროდან და ბავშვივით აღტაცებული კულისებში ვიჯექი და ვუსმენდი. ყოველი ახალი გამოსვლა მჩუქნიდა საოცრებას. ვალოდია და მისი მეუღლე - მომღერალი და პატარა ვალოდია პრესნიაკოვი, დიდი ხანი იყვნენ ჩემი ბენდის მონაწილეები. პატარა მხოლოდ ზაფხულში იყო ჩვენთან.
რა საკვირველია, ჩვენ ჩამოვიყვანეთ თბილისში და საქართველოს ფილარმონიის სოლისტის სტატუსი მივანიჭეთ. 
სურვილი მაქვს ჩამოგითვალოთ ჯაზის მოყვარულებს თუ პროფესიონალებს ჩვენი „ჩანგის“ ვარსკვლავი-მუსიკოსები. დღეს რამდენიმე მუსიკოსი ამერიკელია და საუკეთესო ბენდებში უკრავ!
თითქმის 17 მუსიკოსი ვაინშტეინის ლენინგრადის დიდი მუსიკოსი, ჩვენთან გადმოვიდა. კიდევ იმიტომ რომ ჩვენ მოქმედი და ძალიან პოპულარული ვიყავით, ვაინშტეინი კი კლუბში ტანცებისთვის უკრავდა სტანდარტ-ჯაზს. იყიდებოდა შესასვლელი ბილეთები, შედიოდა ჭრელი საზოგადოება, ვისაც ეცეკვებოდა იმ საღამოს და ცეკვავდნენ. შემოქმედებასთან არავითარი კავშირი არა ჰქონდათ...
....






















 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Created By Pro-Service